* * * (ჩაწოლილა ლურჯი ბინდი...)


ჩაწოლილა ლურჯი ბინდი,
ბინდი წვება გულშიც,
არასოდეს არ ინატრო,
რაც რომ იყო გუშინ!

გათენდება მზიანი თუ
მზიანს შეცვლის წვიმა,
ხვალინდელი გირჩევნოდეს
გუშინს, გუშინს წინას!

ვენაცვალე ხვალინდელ დღეს,
ხვალინდელის სიზმრებს,
ხვალინდელის და მომავლის
საფიქრალს და მიზნებს!

თუმც კი ხვალეს გულმოდგინედ
მიაქვს წლების ჯარი,
გუშინდელის გვირგვინს მიჯობს
ხვალ საზიდი ჯვარი.

ხვალინდელის სევდა მიჯობს
გუშინდელის ხალისს,
მაინც ხვალე, ხვალე, ხვალე
იმედები ხვალის.

ვენაცვალე ხვალინდელ დღეს,
ხვალინდელის სიზმრებს,
ხვალინდელის და მომავლის
საზრუნავს და მიზნებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი