მამყოფე შენთან


(ავთანდილის ხსოვნას)

მამყოფე შენთან, მამყოფე შენთან,
თუნდაც დათვლილი წუთი და ხანი,
რომ ისევ ვიგრძნო კვირტების ფეთქვა,
კვირტების სკდომის საამო ქარი.

რომ ისევ ვიგრძნო თეთრად ანთილი
ნაზი აპრილის ლურჯი ფეთება,
მაისის ზეცის ნამი თაფლივით
დაპკურებული ხნულებს წვეთებად.

ვიგრძნო, თუ როგორ ასდის ნაწვიმარ
მიწას სურნელი და ოხშივარი.
მამყოფე შენთან ისევ ყმაწვილად,
ისევ ჭაბუკად რომ ვიგრძნო თავი!

მამყოფე შენთან... ზაფხულის ღამის
ვიგრძნო სიო და დღის თაკარება,
უშენოდ არა, არა, ჩემს ამინდს
არ უწერია გამოდარება.

განმაცდევინე თუნდაც დათვლილი
წუთები, სულო, ისევ თავიდან...
მშვიდად, ახლოა უცხო ნაპირი
დასალიერი დასაბამიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი