* * * (ბნელია ღამე...)


ბნელია ღამე და დახრილი თაღები,
ცის ლურჯი თაღები უფსკრულზე ბნელია,
ძნელია ხედავდე მარტოკა თვალებით,
თუ სერაფიმები როგორ მიმელიან.

როგორ მიმელიან ანთებულ თვალებით,
ღვთისმშობლის ცრემლებიც როგორ მიმელიან,
მელიან შორეთის სკიპტრა და ნათელი
და უსასრულობის ცისფერი ფერია.

მელიან... და ტილო ისეთი ცივია...
სისხლი თუ ჩაექცა გაყინულ თვალებში,
ან თუმცა თვალებში უცხო რამ სხივია,
ფერთა შემოქმედის ფიქრების თარეში.

უცხო რამ სხივია თუ ცეცხლის ენებით
წმინდა კელაპტარი ცრემლებით დნებოდა,
ან იქნებ მინდოდა შემექმნა შედევრი
ცისფერი შორეთი რომ მელანდებოდა?!

ან იქნებ ეს იყო გული დაფერფლილი,
ფიქრი, ბორიალი - დარდმა რომ წალეკა?!
ან იყო ოცნება ცისკენ გაფრენილი - 
მკერდში აწყვეტილი კვნესა და წამება?!

ან იყო ძახილი, ყივილი ბედისა,
სულის გაბრძოლება, ნათელი გვიანი?
ფიქრი და ოცნება რომელიც მეღირსა - 
ზეცა ლურჯზე ლურჯი და ვარსკვლავიანი.

მაგრამ ეს ტილო?! ჰო, სიცარიელე?!
ცის ლურჯი თაღები უფსკრულზე ბნელია,
დაფერფლილ გულმკერდზე ნისლები ტრიალებს
და სერაფიმები მაინც მიმელიან.

ჰოდა, ჩემო კარგო, სხვის დარდს ვინ ტიროდა,
ახლა სხვისი ცრემლით ნეტავ ვინ იღლება?!
ჯერ დაუწერელი მიყურებს ტილო და
იქ შენი თვალები უცხოდ იღიმება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი