მზე ჩემზე შეყვარებულა


გუშინ მთელი დღე მიყურა
აალმასებულ თვალითა,
ჩრდილს მოვეფარე - მომძებნა,
ვერ მოვიშორე თავიდან.

საღამოს თან წამიყოლა,
მიმიპატიჟა სტუმარი,
თბილი საბანი დამხურა,
დამითბო ძილსასთუმალი.

ღამით მის მკერდზე ვიძინე
ცდუნებითა და დაგვითა,
მკოცნა და მკოცნა ციურმა
ალმოდებული ბაგითა.

დილით ძლივს გამოვეპარე,
ცისკარს დავასწარ ადგომა,
შუა გზა არც კი გამევლო
თავს წამომადგა მნათობად.

ცერად შეჰყარა თვალწარბი,
არც მიმტრო, არცა მიმოყვრა,
განზე გამდგარმა მომსდია,
მთა-მთა უფსკრულებს შემოჰყვა.

მერე სულ გამინაპირდა,
ვერსად შევავლე თვალია
ერთი დღის გადასაფრენი
სულ ერთ საათში გალია.

დღეს კი საით არ ვეძებე,
არც მიწად იყო, არც ცადა,
მწყუროდა მისი ალერსი,
მის მკერდზე ძილი მეწადა.

ვერ იქნა, ვერსაც ვიპოვნე,
გზები გავთელე წანწალით,
იქნებ რაიმე ვაწყინე - 
ზღვაში დაიხრჩო საწყალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი