დარეკავს ზარი
რამდენი ცრემლი დასცვივდა თვალებს, რამდენჯერ გულმა ანთხია სისხლი, შევჩერებივარ იდუმალ ღამეს, ვერ გავქცევივარ დარდსა და სირცხვილს. ვერ გავქცევივარ და ვერც ვიწამე ეს საუკუნე და გაქანება, რომ ამ დაწყევლილ დედამიწაზე კვდება სიცოცხლე და აღმაფრენა. კვდება... მაშინებს მე ეს პროგრესი, ეს პერიგეა თუ აპოგეა, სულ სხვაა ჩემი აპოფეოზი, გული სხვა ფიქრის, სხვა ცეცხლის ტყვეა. სულ სხვაა ჩემი გზა და სავალი, ჩემი ცრემლებიც სულ სხვას სტირიან, მე მარჯვენა მაქვს დაუღალავი და ჩემი გული ეს საკირეა. ვიცი, ოდესღაც დარეკავს ზარი, გაქრება ცრემლი და რაც ვიწამე, უდაბნოდ ქცეულ დედამიწაზე სულ სხვა ახალ ღმერთს შემოჰფიცავენ. სულ სხვა იქნება ფიქრის ტაძარი, სულ სხვა იქნება მზეც და პლანეტაც, სულ სხვა ახალი იქნება ჯვარი, სულ სხვა სამრეკლოს ზარი დარეკავს. დარეკავს ზარი და იდუმალი გადაიშლება ზეცის თაღები... იფრიალებენ, იშრიალებენ ჩემი ცისფერი ბაირაღები... და მაშინ ალბათ შემართულ რისხვას თან მოჰყვებიან ჩემი ფიქრები, გული აცდება ჭუჭყიან მიწას - გავირინდები და გავფრინდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი