გული


აღარა მაქვს გული, გული გაქრა სადღაც,
გული ჩაიძირა ალმოდებულ ზღვაში
და გზადაკარგული დავრჩი მარტო, ახლა
უცხო მხარის ფერი მიმაქროლებს რაში.

უსასრულობისკენ მიქრის უცხო რაში,
სათნოება შერჩათ მარტო სერაფიმებს,
ლეგა ფერის სისხლი გამომშრალა ძარღვში,
ფერდაკარგულ გზაზე ცრემლი მიმაცილებს.

ჰო, ქიმერებს შორის რისხვა მიმაცილებს,
გაპობილი გული ღმერთს არ ავიწყდება,
თუმცა აღარ ვეძებ თვალებდათხრილ იმედს,
რადგან გული გაქრა და შორს ბედი წყდება.

ვარსკვლავების მიღმა ჩემი ბედი წყდება
და შორეულ ციმციმს ეტოლება ფიქრი,
ცა უდაბნოდ ქცეულ სივრცეს ვეღარ წვდება,
გულში სფინქსებს შერჩათ ტკბილი ყოფის მითი.

პირამიდებს შერჩათ ფარაონთა მითი,
გული ყველას შერჩა, მუმიებსაც მგონი,
ჩემი გული გაქრა სადღაც, სიკვდილს იქით,
მე და ლექსი დავრჩით ქვეყანაზე ორნი.

აღარა მაქვს გული, გული შერჩა მიწას,
ლეგა ფერის სისხლი ამომშრალა ძარღვში,
ცისკენ მზირალ თვალებს ცხელი ცრემლი მიწვავს,
უსასრულობისკენ მიქრის უცხო რაში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი