უცხოდ


უცხო სიყვარული გულ-მკერდზე აგაკარ,
სულ უცხო ტრფიალის უცხო ყვავილები,
უცხომ მივსდიე შენს უცხო გზას და კვალს,
უცხო შეშფოთებით, უცხო გარინდებით.

უცხომ უცნაური ფიქრებით გაგსუდრე,
უცხო მოგიძღვენი ძილი, სასთუმალი
და ახლა უცხოსგან მე, უცხოს რა მსურდეს?
ალბათ აღსარება უცხო, იდუმალი.

ბევრი რამ გაჩუქე უცხო და ფარული,
უცხო მარგალიტი, უცხო საფირონი,
უცხო იყო ჩვენი ფიქრთა საფასური,
ჰოდა უცხოდ დავალთ, მარტოდ, შორი-შორი.

უცხო იყო ჩვენი აზრთა გაორება
და ალბათ ამიტომ ვერ გიცან-მიცანი
და ბოლოს, ეჭვიან ნისლში ნაომრებმა
გავყავით, გავთიშეთ ჩვენი გზაც, მიზანიც.

ჰო, ვშორდებით უცხოდ ზეცის ლაჟვარდს უფრო,
გაივლიან წლები, გაიყოლებს სევდას,
უცხო სიყვარული იბობოქრებს უცხოდ
სულ უცხოთა მკერდში, მარადიულ ბედად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი