გეთსიმანიის ბაღი


„ ... ეჰ, შენ დიდო იმედო!... „
                                     ჭოლა ლომთათიძე
                                     „სახრჩობელას წინაშე“


ჩემი უდრეკი ძალა,
გაწამებული ბედი,
ჩემი რიდი და კრძალვა,
სიმღერა თეთრი გედის.

ჩემი აღთქმა და ფიცი
და გადაშლილი ზეცა,
ნედლი სურნელი მიწის,
სერაფიმების კვნესა.

ან შეკუმშული გულის
ჩუმი ფიქრები ლაღი,
სადღაც შორს დაკარგული
გეთსიმანიის ბაღი.

ძილგატეხილი ღამე,
თვალზე მძივები ცრემლის,
მთას გადმომდგარი მთვარე
და ხოდაბუნი ჩემი.

გაქარწყლებული სევდა
და ბობოქარი სული,
კვალდაკვალ რომ მომსდევდა,
პირველი გაზაფხული.

დღეთა ჩანჩქერის რულით
მკერდზე დასმული დაღი,
სადღაც, შორს დაკარგული
გეთსიმანიის ბაღი.

თუ მტვერი დასაფიცრად
საფლავის პაპის პაპის,
სისხლით გამძღარი მიწა - 
მკერდს ვიღაც რომ დამაყრის.

ჩონჩხად ქცეული ველი,
მთაში ამდგარი ნისლი,
ნანგრევი ძველის ძველი
ყაყაჩოების სისხლი.

უსასრულობა სრული,
ზეცის ცისფერი თაღი,
სადღაც, შორს დაკარგული
გეთსიმანიის ბაღი.

მყინვარის თეთრი თავი,
ფაფარაყრილი ჩქერი,
ხატი და სალოცავი,
ტყეში ნაჩეხი შქერის.

შენი თვალების სუსხი,
შენი თვალების ეშხი,
ნაწნავი მაჯის სიმსხო,
და ლამპიონი... თქეში...

ზეცაზე დარახტული
მზის მოკაშკაშე ჭაღი,
სადღაც შორს დაკარგული
გეთსიმანიის ბაღი.

ავდარი, მზე და ქარი,
დარი, ავდარი, დარი
და ბანზე გადმომდგარი
სულ ერთი ციცქნა ქალი.

მკერდზე აკრული ჩვილი - 
დედის უტკბესი ნანა,
იქ - მოტრფიალე წყვილი,
აქ - მოშრიალე ყანა.

გამოღმით ძველმაყრული,
ციცინათელა გაღმით,
სადღაც შორს დაკარგული
გეთსიმანიის ბაღი.

სად დაკარგულა ერის
ძველი დიდების ფესვი?
იმ ძველთა მოლანდების
წყევლა და კრულვა მესმის.

მამა-პაპათა ჩრდილი
დაბორიალობს მთებში
და ცისკენ ხელგაწვდილი
მოთქვამს, ტირის და კვნესის.

ბოლოს გაქრება, დაღლილთ
მიეძინებათ, ალბათ,
რჩება ედემის ბაღი
გეთსიმანიის ბაღად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი