წლების გადაღმა


წლების გადაღმა გულში გიკრავდი,
წლების გადაღმა, წლების გადაღმა...
ალბათ არ ვიცი, რატომ მიყვარდი
დდა დარჩა ასე უცხო ქარაგმად
ამოუხნელი: რატომ მიყვარდი?

რატომ მიყვარდი... ამ ფერუცვლელი
მარადისობის ვიწამე, მჯერა,
სულ უმიზეზოდ აცრემლებული
მიყვარდა შენი თვალების ცქერა,
სულ უმიზეზოდ და სულ სხვაგვარად.

ან სულ სხვაგვარად იყო დუმილი,
ჩემს წინ გამქრალი შენი ბავშვობა
და ანთებული გულის სურვილი,
ფიქრებთან ერთად ცხრა მთას გაშორდა
კვლავ ჭეშმარიტად ჩვენი სურვილი.

მეგონა ისევ შენ შეგხვდებოდი,
ისევე ციცქნას, ცელქს და პატარას,
მომეხვეოდი, მომეხვეოდი,
სულ უმიზეზოდ ან სულ სხვაგვარად
ატოკდებოდა მდუმარე გული.

ჰო, შემხვდებოდი ის ციცქნა ბავშვი
და მომიტანდი სიხარულს რამდენს,
ისეთ, როგორიც მოგქონდა მაშინ,
ისეთს, როგორიც მოგქონდა ადრე,
წლების გადაღმა, წლების გადაღმა...

წლების გადაღმა გულში გიკრავდი,
წლების გადაღმა, წლების გადაღმა...
არც ახლა ვიცი, რატომ მიყვარდი
და დარჩა ასე უცხო ქარაგმად
ამოუხნელი: რატომ მიყვარდი?!

რატომ მიყვარდი ან ახლა რატომ
გულში მიძვრება ვიღაც მაცდური
და მაგიური სურნელით მათრობს
დაბინდულ თვალთა შუქის ნაჟური,
ატოკებული მკერდზე ნუჟრები?!

ალბათ ახალი სიმღერა გაჩნდა
უფრო მხურვალე - მზესავით მწველი,
და ისევ უცხო ქარაგმად დარჩა
მარადისობა კვლავ ფერუცვლელი:
რატომ მიყვარდი?! რატომ მიყვარდი?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი