ცისფერყანწელებს
გადაელვისდა ღამეები ნარინჯისფერი და გაერითმა პოეზიას სევდა ფარული, მე ყოველ ღამით მახსენდება ყანწი ცისფერი, და სიყვარული, თქვენს გულებში გადამალული. მოგრიალებდა პოეზიის მაშინ ღვარცოფი, დათესეთ ლექსში სიმბოლიზმი, აიღეთ გეზი, და შეგეყარათ ლექსი, როგორც სისხლმდენი ცოფი, რა ეკუთვნება გაჩენილ კაცს სხვა უკეთესი ?! ჯერ ქუთაისი, მერე თბილისი აქციეთ ცენტრად, ტოლს არ უდებდით მალარმეს თუ ფრანსუა ვიონს, ეფერებოდით და იყავით ძმებივით ერთად, ლექსს არ აკლებდით თბილისსა თუ მტკვარსა და რიონს. წმინდა წევრები: ტიციანი, პაოლო, გოგლა, შალვა კარმელი, კოლაუ თუ ვალერიანი, ცისფერ ორდენის პოეზია არასდროს მოკვდა, თუმც თქვენი გული მუდამ ვიცან მე სევდიანი. გაზაფხულივით გაგაცალათ განგებამ შალვა, მთა კარმელივით უსიტყვო და თან დიდებული, სემირამიდის ბაღებიდან მოსულმა ალმა დაგიწვათ გული, სამუდამოდ აღტკინებული. გდიოდათ ლექსი პოეზიის ყრმა მოწაფეებს, თუმც არ დაგცალდათ, რომ გედიდათ ქვეყნის ყანები, ობლად დარჩენილ, ნაწამებ და საცოდავ დღეებს ჩამოერეცხათ ცრემლიანი თქვენი თვალები. გადაელვისდა ღამეები ნარინჯისფერი და გაერითმა პოეზიას სევდა ფარული, მე ყოველ ღამით მახსენდება ყანწი ცისფერი, და სიყვარული, თქვენს გულებში გადამალული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი