1994/02/04


თოვლია, ყინავს მამაჩემო, გარეთ თოვლია
ოთახში ნანა ფრთხილად არწევს აკვნის პატარას,
თითქოს ქარებმა გრიგალები აიყოლიეს
და თებერვალსაც ჭაღარები შემოეპარა.

თოვლია…  ყინავს მამაჩემო,  ძმათა ომია
წრიალებ.  ნეტავ რატომ იცვამ ზამთრის ფარაჯას,
როცა სიცივემ მწვერვალების თეთრი ბორნიდან
ჩუმი მგზავრივით ბარისაკენ გადმოალაჯა.

თოვლია..  ყველა დაიფანტა , ყველგან შიშია
შენ სად მიდიხარ მამაჩემო, გარბის ქვეყანა.
თითქოს გულიდან ყველაფერი ამოგიშლია
რომ შენი თავი  სხვა გზისაკენ არ წაგეყვანა.

თოვლია,  თოვლი მამაჩემო,  საით მიდიხარ,
ნუთუ სოფლისკენ , ასე რაღამ დაგაავადა,
შენს ძველ ჭისკართან ჰაუბიცა იტეხს იხტიბარს
და ძველ ტაბლასთან სიკვდილია მხოლოდ თამადა.

თოვლია.. თითქოს ეს სითეთრე განაჩენია
(ტკივილის)  რასაც ყველა ელის მისი წინარე,
როდესაც მამი ამ ოთახში გადარჩენილი
შენ გარდა,  უნდა დამიჯერო არავინაა.

თოვლია… ნანა ნელა მირწევს აკვანს პატარას
ხდება,  ასეა,  მხოლოდ ორნი ამ ბედს შევრჩით ,
უეცრად ნანას ყლუპი ცრემლი წამოეპარა
და წაეშალა შენი კოცნის ანაბეჭდები.

თოვლია ყინავს მამაჩემო, გარეთ თოვლია….

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი