დემეს..


მასესხე შენი ლოცვები რომ ვიხილო ღმერთი,
ზამთრის ყინვიან ღამეების თბილ ქვეშაგებში,
ეს მე ვარ შენი შენაკადი, რომელიც გერთვის
ადიდებული... ღრიანცელზე მარად დაგეშილ,
ჩემს ტანხმელ წელზე წამოვისხამ მთისხელა ლოდებს,
მთვლემარ ცხოველებს, ახალ სახლებს, ადამიანებს,
ფეხარეული გეზს ავურევ წვიმების ლოთი
რომ ჩავაყოლო მიწისქვეშეთს შიშის პიანო..

მასესხე შენი ლოცვები და ამოვჭრი სახეს
ჩემს კალაპოტის ქვიშრობებზე ხმელი ტოტებით,
სახეს რომელიც ღვთიურობას რაღაცით ამხელს
სახეს რომელსაც ვერასოდეს გავუსწორდებით..
და მერე გრძელი ღამეების ყინვის კალთაში,
თბილმა ფიქრებმა შეგვიმოსონ გული ისე რომ,
ერთმანეთს  წიგნად ვკითხულობდეთ ახლად გადაშლილ
და ბოლოსაკენ ერთმანეთიც გადავიწეროთ...

მასესხე შენი ლოცვები რომ ვხედავდე ზეცის
ამომავალ კოდს, მის სიღრმეში დამალულ ბინას,
შენაკადი ვარ მილიარდჯერ შეცვლილი გეზით,
და უთვალავი მდინარე მაქვს შეცვლილი ჯიმა..

და მღვრიე ზურგით მოვაგორებ მთისხელა ლოდებს
რომ ყველა ჯებირს გავუსწორდე როგორც წიქარა,
მასესხე შენი ლოცვები რომ ცივ გულში მქონდეს,
მასესხე თუნდაც უფლისაგან დაუკითხავად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი