ახლა როდესაც იოლია


თემურ ელიავას )))

ახლა როდესაც იოლია თავი ფანჯრიდან
გამოყო. ზიზღით დააფურთხო მტვრიან ტროტუარს,
უყურო მოდის პროცესიას და თუ დაგჭირდა
ხელის აწევით მიესალმო ნაცნობს. დრო თუა,
ამოახველო სხეულიდან გენიოსები.
რომლებიც წერდნენ გალანტურად და ასე შემდეგ,
პატრიოტიზმით ავსებული ღვინის ბოცები
გაპატიოსნდნენ ნაბახუსევს. ელოდო შედეგს,
თვალის გახელის, წლების წინათ დახუჭულ თვალის,
ამ მძიმე სუნთქვით აყროლებულ ჰაერის ნარევს
გაუაზრებლად შეისრუტავ თითქოსდა ძალით,
ოთახში სადაც შემოაღებს არავინ კარებს.

გეტყვის: - გვეშველა! ეპოქაა, ღმერთია, თავი
მოაბეს ამდენ სისულელეს და იდიტიზმს,
ფსიქიატრიულ შენობიდან გაქცეულ ამინდს
ამსგავსებ უცხო ქალაქებში დაკარგულ ტურისტს.
რადგან უბრალოდ აბსურდია გქონდეს იმედი
საშველის, როცა პროტესტია ყოველი დილა,
ღამის რომელიც გაათენე და სენტიმენტად
რაფებს პოხავდა დანანებით ამაყი წვიმა.

ახლა როდესაც იოლია იპოვო ღმერთი
უყურო ტაძარს აივნიდან რომ ხელი მხარზე,
დაგარტყას ვინმემ. და ცოტათი სინდისის მერქანს
ამდენი ბოღმის , ზიზღის შემდეგ გაუცვდეს გარსი,
ალტერნატივით. დაკარგული ცხოვრების გეზით,
ახლა როდესაც იოლია მოიკლა თავი
ხედავდე ზეცას, მიტოვებულ ღრუბლების ეზოს
უკანასკნელი ამოსუნთქვით წამოგცდეს ,,ამინ"
და არაფერი, არაფერი, მხოლოდ ბოლოსკენ
მშიერ ძაღლივით აგედევნოს დუმილი ხალხის,
ახლა როდესაც იოლია უნდა გარისკო
ჯანდაბას შენი უსახური მტვრიანი სახლი.
ფურთხის ღირსადაც არ ჩათვალო არცერთი ნერვის
გლეჯვის მიზეზი. დრო მოვა და მორჩები წერას,
ახლა როდესაც იოლია გესმოდეს ბევრი
იცოდე რა თქვა და უბრალოდ ამბობდე ვეღარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი