nil sapientiae odiosius acumine nimio
ჰაჩიმი 46 წლის ცისფერთვალება, წაბლისფერი თმით. ყოფილი პარტიზანი კოსოვოდან. გაყინული ლოყებით, ჩაშავებული კბილებით და ამაზრზენი მზერით ოთახში მძიმედ დაბორიალობს. სახეზე კანონივით ძველი ნაიარევი მიიკლაკლნება, სადაც ოდესღაც მისისიპივით უწყვეტი ცრემლი მოედინებოდა. ახლა კი დაშრა. დროის დინებამ უხილავი კაშხალი აუგო თვალებში. ეზოში ბავშვები ბურთს აგორავებენ. ეზიზღება ჰაჩიმს ფეხბურთი, ბურთი ძმის მოგლეჯილ თავს აგონებს დიდი ომიდან, როცა ნაღმზე აფეთქებული მისი სხეული ცხენით სახლში მიასვენა, მაშინ მიხვდა, რომ თავის წამოღება დაავიწყდა. ჰაჩიმს ცხენებიც ეზიზღება და პოლიტიკაც. „nil sapientiae odiosius acumine nimio.“ „ტყუილ გრძნობებზე საძულველი არაფერია“ იმეორებს დაღლილი ჰაჩი. სადღაც მამალმაც დაიყივლა. და დახეთქილი ბაგიდან უნებლიედ ფეხი დაუხლტა თბილ ლოცვას. მზე დამალობანას თამაშობს- ღრუბლებს ეფარება, თითქოს სანგარში ყოფს თავს .. ემალება ჰაჩის ამაზრზენ მზერას, რომელიც მუდამ ამოუცნობია. ჰაჩი საკუთარ თავს არავის გაამხელინებს. შორს, კამეჩზე ამხედღებულა შავტუხა ბიჭი, უკან ქარავანი მიაცილებს: -მხოლოდ ბუზების. და მაინც, ტკივილის გარეშე ცხოვრება უაზრო იქნებოდა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი