სიჩუმე მუდამ სუფევდა, ხალისი აღარ ყოფილა


სიჩუმე მუდამ სუფევდა, გულს სისხლს უშრობს,
ხალისი აღარ ყოფილა, გონებას დარდით ახრჩობს,
კაცს გასაჭირი არ ელევა, თავზე აქვს საყრელი, 
ლხინი აღარ მოსულა, ეს იყო ერთადერთი სურვილი, 

გაფუჭებულა ბევრჯერ გუთანი, ჯიუტი როგორც სულთანი,
ვერ იქნები უდარდელად როგორც მეფე, დაგებულია უკვე მახე,
შიმშილისგან წაშლილა სახე, სასოწარკვეთილი ბევრი ვნახე, 
გამხმარა რა ხანია ბოსტანი, ხელცარიელი დარჩენილა უბანი,

ჟანგი მოედო რკინას, უსუსური აღმოჩნდა ფოლადი,
ბარგი ჩაულაგებია ბევრსა, ქალაქში ცხოვრება აღარ ყოფილა წონადი,
ბიძგი მიეცათ საწყლებს, სოფელში არ მოაკლდებოდათ მიწა,
მსუნაგი აღმოჩნდა ბევრი, იაფად უნდოდათ მუცლის ამოვსება,

ერთ მშვენიერ დღეს, მოსავლის აღების თვეს,
მთვარე იწყებდა ჩასვლას, ხალხი უკვე ეფიცებოდა მზეს,
ვარსკვლავები გაიფანტნენ, დაიფშვნა მრავალი ფანტელი,
ქალაქში ჩაქვრნენ ლამპიონები, ჩაბნელდა წამოჭიმული სარტყელი, 

რკინიგზა გუგუნებდა, ხალხით გაივსო სადგური,
თითქოსდა ჩამოიქცეოდა ჭერი, ამდენს ძლივს უძლებდა აგური,
ბილეთები უკვე გაყიდულა, უფრო სწრაფად ვიდრე პური,
ხმაურმა მოიცვა ბაქანი, სადაცაა გამსკდარიყო საწყალი ყური!

ერთი კაცი მოსულა, ყველა მას მიშტერებოდა, 
სათუთად ჩაცმულ-დავარცხნილი, სიმდიდრის უდაო განსახიერება,
პირდაღებული დარჩა ბევრი, ღალატობდა ბევრს მეხსიერება,
ეგრევე მიაწყდნენ მას, სულ დაუკარგავთ ზომიერება,

"საიდან ამდენი ფული, ჩვენ ძლივს გვიდგას სული,
ვეღარ უძლებს გული, უნდა გავაკეთოთ არჩევანი რთული, 
იქნებ გვიშველო, არ გაგვიხადო ცხოვრება ძნელი,
შენ უკვე საკმარისზე ბევრი გაქვს, გაგვიხადე წუთისოფელი იოლი! 

სანაცვლოდ ყველაფერს გავაკეთებთ,
ტყუილს როგორ გაკადრებთ,
იყოს თუნდაც შრომატევადი, ტანჯვა უკვე გვაქვს ნაცადი,
იყოს საქმე დაფასებადი, ოღონდ მოგვეცი ანაზღაურება ფულადი!"

კაცი დაფიქრდა, ჯერ თავის თავზე ზრუნავდა,
სათაკილო იყო შეთავაზება, თუ სრულად სასურველი,
ყურადღებით ისმენდა, მაგრამ მათი ნათქვამი იყო სასაცილო,
რა დაეჯერება ბრიყვსა, სულელისგან დაინახა მხოლოდ სარგებელი, 

"კარგით ჯამაათნო, შესძახა მან,
წამოდით ჩემთან, გიწვევთ სუყველას,
არავინ დარჩებით უსახლკაროდ, იქნება თქვენი შრომა ღირსეული,
მხოლოდ სამი წელი, შემდგომ ყველას გერგებათ საკუთარი სახლ-კარი!

ბევრი მიწაა დასამუშავებელი, სამუშაო არავის გამოგელევათ,
მაგრამ ანაზღაურებაა ისეთი, რომელიც არც დაგსიზმრებიათ,
არ დარჩება მარტო ოჯახი, ყოველთვის გექნებათ შვებულება, 
აღარ იქნება სადარდებელი, ცხოვრება მალე აწყობილი გექნებათ!"

წარმოთქვა ბოლო სიტყვები, ჩაიცინა შავ ულვაშებში,
ეცოდებოდა ერთის მხრივ, იყვნენ რა საბრალოები, 
მაგრამ იაფ მუშა-ხელს რა ჯობია, ამაზე უკეთესი არავის უთქვია,
აურაცხელი სიმდიდრე ელოდა, სადაცაა გადაივსებოდა მისი საფულე,

ატყდა ერთი ამბავი, დადგა სიხარულის ზეიმი,
უხაროდათ საწყლებს, იყვნენ დატანჯული და ნაცემი,
ბილეთები აღარ დარჩენილა, სუყველა ერთბაშად გაყიდულა,
საით წავიდოდა მატარებელი? მთავარია ცხოვრება გატკბილდებოდა,

აღარ დარჩენილა ადგილი, არადა შორი ყოფილა მანძილი,
ბევრი დარჩა ხელცარიელი, ყოფილან ამიერიდან დაბოღმილი, 
შური ახრჩობდა სუყველას, აღარ ერგებოდათ არცერთს ლორი, 
მოუწევდათ მძიმე შრომა, მათზე უკეთ ყოფილა ვირი,

მატარებელიც დაიძრა, სადგურსაც მალე დაშორდა, 
ქალაქი აღარც მოჩანდა, უსასრულო მინდორმა ჩაყლაპა,
გლეხკაცმა ამოისუნთქა, ზოგი აღარც გატოკებულა,
ზოგს სიზმარი ეწვია, ჰპირდებოდა მათ ქებას მოუკლებელსა,

გავიდა ორიოდე დღე, მოჩანდა მხოლოდ მრისხანე კლდე,
სოფელი სადღა ყოფილა, ალბათ დიდ ტყეში დაკარგულა,
აკრავს მას მუქი შრე, მზეს წვდება ყოველი ხე,
გზა გამხდარა უწყვეტი, სიახლის წყურვილიც იყო უშრეტი,

"რამხელა ყოფილა ეს გზა, არ უნდა ეთქვა მაგ კაცსა,
მართლაც რომ უთავბოლო, ეს გამხდარა უსასრულო, 
სადაცაა მოვკვდე შიმშილით, თავს ვერ გავიტან ქიშმიშით,
ღმერთო შენ შეგვინდე, საით მივდივართ ნეტავ ვიცოდე,

კიდევ რამდენი ხანი ვითმინოთ, მხოლოდ ტყუილებს ვუსმინოთ?
ნუ ხართ მშიშრები, თუნდაც რომ იყოთ მშივრები,
სადაცაა გათავდეს წყალი, და დაგვედოს საშვილიშვილო ვალი,
მაშ მე ასე მითქვია, თუარ მივალთ დროზე მე მომიქუსლია!"

ატყდა ალიაქოთი, აღრეულა წალკოტი,
მოიმარჯვეს ზურგჩანთა, არ დარჩენიათ კალათა,
არავის ავიწყდებოდა სურსათი, შეაგროვეს ბოლო მანეთი,
არადა წინად სუფევდა სიჩუმე, იყო რა ყველას მესაიდუმლე,

და გამოჩნდა ისიც, დამშეულთა კეთილი მხსნელი,
მოამზადა პირის ბაგეები, შეუსრულდებოდათ გლეხებს სურვილები,
ცანცარებდა ულვაში, იწყებოდა თამაში,
რა იცოდნენ საწყლებმა, თუ თავი რა მახეში გაუყვიათ!

"დამშვიდდით ხალხნო, არსად დაგეკარგებათ სარჩო!
გზა ცოტა გაიწელა, მაგრამ დანაპირები უცვლელია,
აზრი აქვს უკან გაბრუნებას? და სახლში ხელცარიელად მისვლას,
მედგრად დადექით ყველანი, მალე დაგხვდებათ მერანი!

შინ გელით შვილები, და მშიერი დედები,
კუჭი გაქვთ ცარიელი, არადა მოუსვენარია ფეხები,
გიტევთ თან ბევრს სურდო, მაგრამ მოთმენაა წინსვლის საიდუმლო, 
დაფიქრდით კარგად ყველანი, კალამში ჯერ კიდევ არის მელანი!"

არავინ ელოდა სიჩუმეს, მაგრამ დუმილი მალე დამდგარა,
ყურს ეამა სიახლე, თუნდაც რომ სული იყო მწუხარე,
ტკბილი სიტყვები სატყუარაა, შინაგანის შეძახილი იყო მქუხარე,
მაგრამ შიმშილს რა ვუყოთ, მასზე უარესი განა ვიცი მე?! 

დიდხანს არ მოუწიათ ფიქრი, მალე გაუჩნდათ აზრი,
დაუნდობელია სასწორი, სადღა ყოფილა სამართალი,
ვერც-ერთს გაწირავ, ვერასდროს იქნები მართალი,
ხელიდან გეცლება მომავალი, მხოლოდ აწმყოსღა თუ შეწირავ,

რა გაეწყობა ბატონო, ჩვენი ბედის მფლობელო, 
მაშ გზა მხოლოდ წინ მიდის, ოღონდ საით ვინ უწყის,
ალბათ გველის ნანატრი შვება, ანდაც ნაცადი ტანჯვა,
შეგვისმინე ბედკრულთა მპყრობელო, 
შეინდე ყველა საწყალი სულიკო,

ყველა ჩამოჯდა სავარძელზე, კაცი ყოფილა თითქოს მოალერსე,
მაგრამ ყველამ იცოდა, ზრუნვა არ ყოფილა გულწრფელი,
ულვაშებში ტყუილად ჩაიცინა?! განა ყოფილა რომ სულელი,
ღმერთო ჩვენ გადმოგვხედე, იქნებადა ყველას გვიშველე!

გავიდა ერთი დღეც, თითქოს მიილია ის წყეული თვეც,
სოფელიც ნელ-ნელა გამოჩნდა, ვაჰმე როგორი უშველებელი ყოფილა,
ახალი ქალაქი გამოჩენილა, თუ ნაქალაქარი დაბრუნებულა?!
ყოველივეს შემოაკლდა წყალიც, და ყველასთვის გასაკვირად მარილიც!

ჩამოსხდნენ ნაწვალი მგზავრები, გახდნენ რა სოფლის სტუმრები,
მაგრამ სადაა მასპინძელი, ანდაც ნანატრი მოსასვენებელი?!
ნუთუ ყველაფერი ფუჭი ყოფილა, ყოველი ოცნება მკვდრად შობილა?!
ნეტავ რას უმზადებს ბედი მათ, ნეტაი რა განსაცდელი მოელით?!

ელოდნენ თბილ სადილს, ახალი დღის მადიან სამზადისს,
ალბათ დახვდებოდათ ცივი მაწონი, ანდაც რბილი სულგუნი,
კუჭი ვეღარ ითმენდა, საბრალოს სული ლამის წაუვიდოდა,
სადაა კუთვნილი ადგილი, თუ კიდევ გზა არის დარჩენილი?

ყველა ელოდა პატრონს, სოფლის უდავო უფროსს, 
მისი თანასწორი იყო არავინ, ნუ შეეწინააღმდეგება ამას ნურავინ,
მისი სიტყვა იყო ბრძანება, იმწუთშივე დაიწყებოდა მისი აღსრულება,
უწყინარ კაცად მოჩანს შორიდან, არადა ყველაფერს ფარდა ეხდება ახლოდან, 

ნურას უკაცრავად, ვერ ხვდებით თუ ვის ეახლეთ კარზედ?
გამოჩნდა ბედთა მპყრობელი, ვეღარ დამალა ფართო ღიმილი,
იცის რაც ელის ბეცებს, გულს ცოტათი თუ მოულბობს,
მეტის თქმა არც უნდა ჯორს, შესძახე და გაქანდება რაც შეიძლება შორს!

"მაშ ასე კეთილო ხალხო, გამოაცხადა მან,
სადილი თქვენთვის მზადდება, მე მომიცია პირობა,
დაიღალნენ ჩემი მუშები, თქვენ კი ხართ გამოძინებულნი,
ცოტას გაკეთებას კი მოასწრებთ, გასარჯება კი არ გაწყენდათ!"

ადგა და დაარიგა წერაქვები, თვითონ კი გაიძურწა,
ერთი კლდე ყოფილა ჩამოსაშლელი,
დიდი ყოფილა და უშველებელი,
შემოაკლდა ბატონს ქვანახშირი, არადა უხვად ჰქონდა თაბაშირი,
მას რა ენაღვლება, ბარი ბოლოს ხელში როდის დაუჭერია?!

დაიწყეს საწყლებმა თხრა, საათობით გაგრძელდა ჩიჩქვნა,
ხრიოკი ყოფილა მიწა, ხოლო ყოველი მთხრელი კი უბადრუკი,
პაპანაქება არ აკლდათ, წყალი მალევე შემოაკლდათ,
სადაა დაპირებული საჭმელი, ანდაც როგორ მოიკლან დაუოკებელი წყურვილი?

ჩვენ ვერაფერს ვიზამთო, ამოიხვნეშეს თავიანთვის,
ჩვენი ოჯახებისთვის ვაკეთებთ, ამბობდნენ ჩუმად თავისთვის,
დიდი ხანი ასე არ გაგრძელდება, იმედი ხომ ბოლოს კვდება,
იქნებადა აგვევსოს ყულაბა, და ზამთარში არ შემოგვაკლდეს მურაბა!

დაიწყო შრომა, და ქვესკნელში ძრომა,
ზურგს ელის გაწყვეტა, მონაგონია შველა,
არსად წასულა შიმშილი, ძვირად დაუჯდათ დუმილი,
ეგებ უბოძოს თითო კაკალი, მაგრამ ენანება ერთი მარცვალი,

გავიდა ორი საათი, გათავებულა კამათი,
ზოგი ყოფილა სხარტი, მათ ეწვია აზარტი,
ეგებ ეს არის უკანასკნელი, ხოლო შემდეგი დღეც იქნება მოსული,
ებღაუჭებოდათ რა წარსული, ლხინი ბრძოლითაა მოპოვებული,

დამდგარა ღამე, და ბოლოს როდის ჭამე?
ქვა იშლებოდა, ძილი კი ნატვრად რჩებოდა,
უსუსური როგორც ობოლი, ყველა გამხდარა უძლური,
ულვაშიანი კაცი არსად ჩანს, მოსაძებნია განტევების ვაცი,

როგორც იქნა მოვიდა, ეგონათ არასდროს დაბრუნდებოდა,
ალბათ ამბავი აქვს სასიხარულო, ანდაც რაიმე უჩვეულო,
იქნება და გვეშველოს, თუნდაც რამე გვამცნობოს,
ამოიღე ხმა დალოცვილო, ხომ არ ვართ არცერთი უპატრონო?!

"ჩემო ძვირფასებო, შეუცვლია უცებ ტონი,
ერთი კაცი იყო, ველოდი მას ამდენი ხანი,
თქვენზე დარდში ვიყავი, უცებ გავხდი სევდიანი, 
არსად ჩანდა უბადრუკი, არაფრად ჩააგდო პირობა სასახელო!

მას უნდა მოეტანა ხორბალი, რას გეყოფოდათ ალუბალი,
თან მოჰყვებოდნენ მზარეულები, მე ბევრი მქონდა საკეთებელი,
აღარ მქონდა სურსათი, დაინახეთ ფართო სურათი,
ვერ ვიქნები რვა საქმის გამკეთებელი,
ვარ მხოლოდ თქვენი მზრუნველი,

მხოლოდ ორცხობილა მაქვს ხელზედა,
ხვალე იქნება შოთის პური,
არ მოგაკლდებათ ნუში, გენაცვალეთ ყველას გულში,
იქვეა ხაშური, ჩამოიტანენ ახალ ყველს,
მოგაწვდით სუფთა წყალს, სანამ დაასვენებთ რა თავს!"

თქვა უცებ და წავიდა, ისე როგორც მანამდე ჩვევია,
საძინებელი ყოფილა გახრწნილი, ახალს არაფერს ელოდნენ,
ხოჭოს უკეთ სძინავს, ვიდრე პატარა ბავშვს,
ზოგი პატარაც წამოსულა, იფიქრეს იქნებადა ვასახელებ ოჯახსა!

სტკიოდათ ყოველი ძვალ-რბილობი,
თითქოსდა ურტყეს ქამარი,
გადაასხეს ჭრილობაზე ძმარი, როგორ დაამცირეს ყოველი ქმარი,
რაღა უშველის რომელიმესა, ხელები გამხდარა ნაღრძობი,
იქნებადა არ ჭირდა ქალაქში, სატყუარა ყოფილა იმ კაცის ნუგეში,

არ ასვენებდათ სიზმარი, გამოეცხადათ რა ურჩხული,
არ აკლებდა თან წყლული, თუნდაც რომ ყოფილიყვნენ ჩაცმული, 
როგორი სულელები ყოფილან, ხომ იცოდნენ არადა წერა-კითხვა,
მიეცეს იმ კაცს მათი ცოდვა, როგორი მარტივი ყოფილა სხვისი ტანჯვა!

წამებით გათენდა დილა, იმ კაცს არ აკლია ვილა,
ეღირსათ ძლივს საუზმე, ეგებ გაძღეს მათი მუცელი,
ჭამდნენ ძლივძლივობით, დამფრთხალნი როგორც კურდღელი,
ფუსფუსი დამდგარა უმალვე, მაგრამ არსად წასულა წუხილი,

"ეჰ ჩემო ძმებო, ეს რა დავიმართეთ,
არ მერჩივნა ქალაქი, ახლა უნდა ვქექო ნაცარი,
ასეთი არაფერი მაქვს ნაცადი, ანდაც საერთოდ გამოვლილი,
მუდამ მახარებდა განთიადი, ახლა კი ჩემს გულში სუფევს მხოლოდ წყვიადი,

მართლაც ასეა ძმისგულ, ყველაფერს ღუპავს სიხარბე, 
ნუთუ არ ეტყობოდა იმ კაცსა, თუ ვის შევცქეროდით თვალებში,
უთამაშებდა ულვაშები, ჩაფიქრებული ჰქონდა ყველაფერი თავიდანვე,
მაგრამ კაცი არ უნდა იყო ბრიყვი, თორემ ასეთი რამ დაგემართება სულ!

თითქოს ვიყოთ საქონელი, უფრო უკეთ ცხოვრობს ღორი,
ღირსება აყრილი ვართ ყველა მშრომელი, სადაცაა გაჩნდეს ჭორი, 
ულვაშიან კაცს დაუჯერეს ბრიყვებმა, ვის დაუტოვეს ნეტავ ცოლები,
უპატრონოდ დატოვეს შვილები, სადაცაა დატრიალდეს დიდი ცოდვა!

მაგრამ საით გინდა რომ წახვიდე, ყველანი ვყოფილვართ ტყვედ,
ის კაცი კი საუბრობს ტკბილად, მაგრამ ვინ იცის რას იზამს მერე,
ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია, წინ რა გველის ვინ უწყის,
ღმერთო შენს შვილებს შეუნდე, იმისთვის რომ ყოფილან ჭკუასუსტები!"

ეს ერთი და მრავალი, ასე გაიწელა დილა,
არ არსებობს სხვა გზა, მათ წინ დგას დიდი მთა, 
ის კაციც მალე მოსულა, ბოლოს როდის დაუგვიანებია?
მაგრამ უდავოდ გონიერია, ამის უარყოფა მართლაც რომ ძნელია,

"მე ვხედავ თქვენს გასაჭირს, არ არის იოლი პირველი დღე,
ასეთია შრომა, რას ვიზამთ სხვას,
მაგრამ როგორი ერთგულნი ყოფილხართ, აღტაცებას ვერ ვმალავ,
თქვენი დიაცნი ყველა ამაყობს, შვილებს საამაყო მამაზე მუდამ  უამბობს!

წინ ბევრი სამუშაო გელით, თქვენგან კი მონდომებას ველი,
ყველანი ხართ სანდო, თქვენზე უკეთესს ვერავის ვიპოვი,
ბოლოს ყველაფერი დაგიფასდებათ, ასე რომ ხელი არ ჩაიქნიოთ,
წინსვლისას უნდა გაისარჯო, აბა სხვანაირად სიმდიდრეს როგორ მოიხვეჭ?

გასათხრელია დიდი გვირაბი, უნდა დალაშქროთ ერთი ბორცვი,
გზად წაიხემსეთ, მანდ იზრდება ტკბილი მოცვი,
დაბრუნდებით შინ, და დაგხვდებათ შემწვარი ხორცი,
ბოლოს როდის გქონდათ ნადიმი? ახლა კი გექნებათ ნამდვილი ზეიმი!"

ხორცის გაგონებაზე დაეტყოთ ღიმილი,
გაუჩნდათ მართლაც შრომის სურვილი,
კაცი წავიდა, მაგრამ უკვე იგრძნობოდა სურნელი,
იქნება და გაიმეტოს სუნელი, არ დარჩეს ჩვენი შრომა დაუფასებელი,
მარტო მარილი არ კმარა, სურდათ ხორცი შეკაზმულ-სუნელიანი, 

დაიწყო მძიმე შრომა, და გაჩაღდა ნამდვილი ბრძოლა,
თხრიდნენ ქვას საათობით, თავს ირჩენდნენ მხოლოდ ლოცვით,
ერთი მოჰყვა ქვა-ღორღში, ვერ დაიტირებენ ოჯახში,
სხვებს რა ექნათ, ხსნას მოუტანდა მათ გაჩერება?

გამოჰქონდათ უთვალავი ოქრო, წყალობდა მაგ კაცს აწმყო,
აბა თვითონ ხელს არ გაანძრევს, წერაქვის ქნევა ეთაკილება,
მერე რა რომ ვინმე იღუპება, ეს მხოლოდ სხვებისთვისაა მძიმე, 
თვითონ ხელს დაიბანს, ბედმა უმტყუნა საწყალსო!

დაღამდა კიდეც, გლახაკებს კვლავ უტევთ შიმშილი,
ხელებიდან მოედინება სისხლი, იშლება ფაფუქი ქსოვილი,
ეღირსებიან ხორცს როდესღაც, მთავარია საქმის მიიყვანა ბოლომდე,
ის კაცი ბოლოს დაუფასებს ყველას, ოღონდ ნეტაი მალე დამდგარიყო ეგ დღეც,

და აი მოსულა ის კაციც, ამცნო ყველას ამბავი,
ის რაც დიდი ხანი იყო სანატრელი, აუხდათ როგორც იქნა სურვილი,
ყველამ დაუფიქრებლად დაიწყო სირბილი, არავის სურდა ყოფილიყო უკანასკნელი,
ელოდათ ტრაპეზი, სადაც გაიმართებოდა ნამდვილი ასპარეზი,

გამოუტანიათ შემწვარი ბატკანი, დატრიალდა საამური სურნელი,
გონება შიმშილის წინაშე იყო უძლური,
მთავარია დაეკმაყოფილებინათ მუცელი, 
ასეთ სუფრას ვინ გაგიშლიდა ქალაქში,
ან თუნდაც უბანში,
ალბათ ერგებოდათ ერთი ფინია ნაჭერი, და ამაზე უნდა ყოფილიყო ყველა მადლიერი!

ძლივს თუ შეიკავეს ნერწყვი, დასაყოლებლად მოჰქონდათ მარწყვი,
ახალთ-ახალი თაფლი და ცხელი პური, 
ცხოვრება როგორც იქნა გახდა ტკბილი,
ალბათ მერე ელოდათ წვნიანი, სულს ათბობს ქაფქაფა ხარჩო,
მალე ექნებათ სარჩო, და ასეთ სიხარულს ეზიარება ყველას ოჯახი,

ყველა ეცა მაგიდას, კიდევ კარგი იყო საკმარისი სკამი, 
უნდა მოეტანათ ახალი ჯამი, რადგან აღარ ეყო არცერთს თეფში,
ერთმა მოიმარჯვა ყანწი, სხვებმა კი ასწიეს ფიალა,
თითქოს ჭირი დამარცხებულა, ხალისი კი ჯერ არც დაწყებულა,

"ძმებო თქვენ შემოგევლეთ, ეს რა წადილი ავისრულეთ,
ხომ ვამბობდი შრომა დაფასდება, ყველა ოცნება კი ასრულდება,
აღარ დაგვაყარეს ჭრილობაზე მარილი,
დავიბრუნეთ წართმეული ღირსება,
მთავარია დავამარცხოთ ცდუნება, და აღარ მოგვიწიოს ხვეწნა-ვედრება!

უხ შენ გენაცვალე, აშენდი ოჯახიანად,
ტყუილად ვბრაზობდით ყველანი, რად ჩავიშხამეთ წინაზე განწყობა, 
იმ კაცმა კარგად იცის, არ დაგვაფასებს და წავალთ,
ჩვენზე უკეთესს ვის ნახავს, ვითომ ასეთი იოლი ყოფილიყოს შენი ჭირიმე!

ალბათ გაუჭირდა წინაზე, ხომ აგვიხსნა ისედაც,
კეთილშობილება ეტყობოდა მანამდეც, რად შეგვქონდა მასში ეჭვი!
ახლა გულში ჩამრჩენია ხიჭვი, ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია,
ასე ვინ გიმასპინძლებს ქალაქში, ალბათ მხოლოდ მაშინ თუ მოხვდები საიქიოში!"

პირველად გაიხარეს საწყლებმა, თვალებიდან მოსდიოდათ ცრემლები,
ძლივს რაღაცას მიაღწიეს, ღმერთმა შეისმინა მათი ლოცვები,
სიხარული გადამდებია, ყველას გული გაუჩერებლად ფეთქავდა,
ამიერიდან მუდამ ასე გაგრძელდება, ნადიმი არასდროს არ მოგვაკლდება!

საათობით გაგრძელდა ღრიასი, მანამ სანამ დამდგარა დაისი,
მოვიდა ის კაციც, აწ უკვე ღიმილი ჰქონდა ფართო,
გლახთა გული მოიგო, რა იცოდნენ რას უმზადებდა მათ,
მანამდე კი უთხრა რომ, გვიანია უკვე ხალხნო წადით კარგად გამოიძინეთო!

არავის ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მადლობას თუ იტყოდა ვინმე,
მიაშურა ყველამ საძინებელს, ხვალ დიდი დღე ელით,
დასვენებას იმსახურებს ნატანჯი ხელები, მეტს ვეღარ უძლებს გული,
მთავარია ექნებათ ფული, და საქმესაც მიიყვანენ ბოლომდე,

საღათას ძილიდან გამოსვლა ძნელია, ყოველი წუთი ხომ ძვირფასია,
მაგრამ არ იცდის სამსახური, სახემსად ერგოთ კოწახური,
ალბათ კვლავ გვირაბი იქნება გასათხრელი, ანდაც ბევრი თიხა მოსაზელი,
გაბადრული სახით იყურებოდა სუყველა, დაავიწყდათ დახეთქილი ხელები,

იმ კაცმა პირველად დაიგვიანა, გავიდა ათი წუთი,
ათასში ერთხელ ასე ხდებაო, თავს იმშვიდებდნენ გლეხები,
ვის არ მოსვლია გასაჭირი, ვიდგებით აქ თუნდაც მრავალი საათი,
უმიზეზოდ წასვლა სირცხვილია, დაველოდოთ ჩვენგან რა მიდისო!

და როგორც იქნა მოვიდა, მაგრამ ის მას არ ჰგავდა,
რაღაცაზე აშკარად განრისხებული, მაგრამ სახეზე დამშვიდებული, 
ერთის თქმას აპირებდა, თუმცა მალევე დადუმდა,
უცებ განიცადა ფერისცვალება, გამხდარა ისევ კეთილშობილი,

"ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის, ვიცი ამ ამბავს დიდხანს ელოდით,
აღარ მოგიწევთ გვირაბების თხრა, ანდაც ლოდების რღვევა,
თუმცა მანამდე ერთი რამ უნდა გაგანდოთ, დიდხანს ვერ იარსებებს საიდუმლო,
ალბათ ყველაზე კარგ რამეს მიიღებთ, თუმცა რათქმაუნდა არაფერია უნაკლო,

იცით მე მანამდე არ მითქვამს, როგორ მოხდა რომ ეს დამვიწყებია,
მაგრამ აქ არაფერია უფასო, მითუმეტეს არცერთი მტკაველი მიწა,
ყველაფერი რაც მოიხმარეთ ან მიირთვით, აწ უკვე თქვენი ვალია,
მოგიწევთ მისი გადახდა, ან დარჩებით უსახლკაროდ,

რას ვიზამთ ჯამაათნო, მანამდე უნდა მიგექციათ ყურადღება,
როდესაც დარიგდა ბარათი, მანდ გაიწერა ყველა პირობები,
გინდოდათ აგესრულათ სურვილები, მაგრამ არ გამოიჩინეთ სიფრთხილე,
არადა მაგას თავი არ სტკივა, თქვენ კი დაგეწიათ ცოდვა,

მაგრამ არ იდარდოთ, მე აქ რისთვის ვარ,
დახმარების ხელს გაგიწვდით კიდევ ერთხელ, მადლობას გადამიხდით მერე,
მოგიწევთ აქ კიდევ წლები დარჩენა, დაიწყეთ უკვე ოჯახებთან წერა,
სხვა გზა არ არის რას ვიზამთ, მაგრამ ერთად ყველაფერს დავძლევთ!

პირობები მარტივია, მათზე უარის თქმა ძნელია,
დილიდანვე მოგიწევთ ადგომა, არ გეგონოთ რომ დადგა აღდგომა,
არამედ მთელ სახლს უნდა მოუაროთ,
და არამხოლოდ მას,
მიწა დასამუშავებელია, ახალი მოსავალიც ხომ მოსაყვანია,

აბა კეთილო ხალხო, ხომ ხართ ყველანი თანახმა,
არცერთი არ ხართ მაზალო, საქმეს თავს თავისუფლად გაართმევთ,
პირობებზე უარის თქმას არ ვუსურვებდი არცერთს, მალე დაგეწევათ მაგის შედეგები,
ნუ იქნებით ბრიყვები, ენდეთ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას!

გლეხობა დადუმდა, რა უნდა ყოფილიყო სათქმელი?
ეს რა ჩაიდინეს უპატიებელი, ეს კაციც ყოფილა ავაზაკი,
თითქოს მათ წინაშე წარსდგა ეშმაკი,
ქვესკნელის უპირობო მპყრობელი,
ვერავის ეღირსება ალბათ სამოთხე, 
რადგან ვალს ყოველთვის მოსდევს ციხე!

და უცებ ერთიც გამოჩნდა, აშკარად იყო იგი ახალბედა,
"გგონია ვინმეს შეაშინებ, ან რომელიმეს დაიმონებ?
მე არ გადავიხდი შენს ვალს, თუნდაც რომ ვღრნიდე ძვალს,
მუქარით არაფერი გაგივა, ეგ დრო დიდი ხნის წინ წავიდა,

მიგვაცილე ყველა სადგურამდე, და ამიერიდან მშვიდობით,
კარგი იყო მასპინძლობა, ამას არავინ დაგივიწყებთ,
მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი, მაგის დაცვაა ყოველთვის მთავარი,
ბილეთებს ჩვენით ვიყიდით, არ არის საჭირო რამის შეგროვება და ლოდინი"

იმ კაცს არაფერი უთქვამს, მაგრამ ხელით უცებ რაღაც ანიშნა,
გამოჩდნენ შავებში ჩაცმულები, იმ ბიჭს ოთხი უმალვე ეცა, 
შებოჭეს და გაიყვანეს, თითქოს ყოფილიყო ბრძოლის ალაფი,
ალბათ გაუმზადეს სარდაფი, სადაც იქნებოდა აქ უკვე გამომწყვდეული,

უმალვე გაიგეს თან, ყველასთვის გულისგამხეთქავი რამ,
საწყალის ოჯახს მიადგნენ, შეესივნენ როგორც ქორები,
ყორანს სისხლის იქით რა ადარდებს,
მაგის გარდა არაფერი ანაღვლებს,
გაიყიდეს საბრალოებს ყველაფერი, და დატოვეს ქუჩის ამარად,

ჩაიცინა იმ კაცმა, გლეხთა წაშლილ სახეებს დიდხანს უყურა,
უცებ ჩაახველა, მოემზადა მთავარის სათქმელად,
ალბათ უკვე ხვდებოდნენ, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე,
მაგრამ გასაქცევი არსად იყო არე-მარე,
ყველამ მუხლი მოიდრიკა იმ კაცის წინაშე,

"ჩემო კარგებო ახლა ხომ ხვდებით, კარგად ფიქრობთ და იაზრებთ,
რომ მარტივია ყოჩობა, მაგრამ ვინმეს გიცდიათ უსახლკაროთა რჩენა?
არ შეებრძოლოთ უცხოს პირველივე დღეს, რაიცი რას გიპირებს ცხოვრება, 
ამას ვერ ხვდებით მხოლოდ ბრიყვები,
მათზე ჭკვიანები არიან თუნდაც ციყვები, 

ახლა ვინმე კიდე იტყვის უარს, თუ ხვალიდანვე დაიწყებს შრომას,
კიდევ გსურთ თავიდან გავნმეორდე,
თუ სჯობს რომ წავიდე,
არ იდარდოთ საჭმელი არ მოგაკლდებათ, ეს ხომ წინაზეც გითხარით,
ახლა კი წადით დაიშალეთ, ხვალ ბევრი გექნებათ საკეთებელი."

კეთილ ხალხსაც რა ექნა, იქნებ ოდესღაც ეღირსოთ შვება,
არავის ხმა არ ამოუღია, მთავარია ხვალ ელოდებათ მზა საჭმელი,
ალბათ წინასავით კარგი სადილი, მანამ სანამ ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა,
იქნებ ახლა მოულბეს გული, იმ კაცს ხომ აქვს რამე რჯული?

საძინებელი ამჯერად ბევრად ცივი ყოფილა, ასეთი რამ ბოლოს ვინმეს ახსოვდა?!
უკვე შეშასაც ზოგავენო, ამოიკვნესა ერთმა მოხუცებულმა,
მოკვდავთათვის სითბო არ ემეტებათ, მუშა-ხელი კი არასდროს ელევათ,
იქნებ ხვალ რამე გვაჭამოს, სახლი მშიერ მუცელზე არ დაგვალაგებინოს!

ყინვაში გაილია ის ღამეც, გლეხებს ზურგი აქცია მთვარემაც,
არ წყდებოდა ფეხების ცახცახი, სადაცაა მომხდარიყო დიდი ჯახი,
მაგრამ ყოველი მათგანი იყო დაუძლურებული, ან ვისღა ჰქონდა ბრძოლის სურვილი,
მთავარია თეფში არ ყოფილიყო ცარიელი, მეტი უკვე აღარ ჰქონდათ სადარდებელი,

შემდეგი დღეც ძლივსღა გათენდა, და ქვეყანას სავსე მზე მოევლინა,
თითქოსდა იყო უკეთესობის მოლოდინი, ასეთი რამ ხომ მანამდეც გადაიტანეს,
მაგრამ დარჩნენ იმ კაცის ერთგულნი, და კარგადაც მოილხინეს,
იქნებ ახლაც ასე მოხდეს, და თუ მასე იქნება მაშინ ვინ ჩივის?

იმ კაცმაც არ დააყოვნა, არსად წასულა მისი შავი ულვაში,
ცოტა ოფლი დაღვარა სირბილში, ამბავი უნდა გაეცნო სასწრაფოდ,
ერთი ძველი აივანი მორყეულა, არ დააყოვნა და ჩამონგრეულა,
თან მოიყოლა ძვირადღირებული საბანი, მის გარეშე ხომ ვერ გაძლებდა სულთა მპყრობელი,

"ჩემო ძვირფასებო, შეურბილებია უცებ ტონი,
ჩამოინგრა აივანი, სახლმა კი დაკარგა მისი ფონი,
ახალი სამუშაო გამოგიჩნდათ, ძველი საქმეც არსად წასულა,
მაშ წამოდექით დროზე, რაც უფრო მალე დაიწყებთ მით უკეთესი!"

"კი მაგრამ, ერთმა შესძახა,
ბილეთი წავიკითხე სანამ წამოვიდოდი,
სანამ წამოსვლაზე დავთანხმდებოდი,
მანდ არაფერი ეწერა ასეთ შემთხვევებზე, ამაზე ხომ თავად უნდა ზრუნავდე, 
ან დაიქირავე ვინმე სხვა, ჩვენ კი მოგვეცი სულის ამოსუნთქვის საშუალება!"

"რაიო რა თქვი, დასჭექა იმ კაცმა,
შენ ვინ გგონივარ, გამომიხვედი სწავლული,
მართლაც ხარ განათლებული,
თუ მანამდეც იყავი სულელი?
რას მეკამათები ერთი , აბა ვისი დაწერილია ეგ ბილეთი? 

თუ კარგად დააკვირდებოდი უხუცესო, დააყოლა რა ჩაცინებით,
იქ ეწერა პატარა ასოებით, ასეთ შემთხვევებზე მხარეები თანხმდებიანო, 
მაგაზე არცერთს არაფერი გითქვამთ, ანუ დაეთანხმეთ ყველა პირობას,
ახლა კი მორჩით მითქმა-მოთქმას, და მიხედეთ იმას რაც არის გასაკეთებელი!"

რა გაეწყობა, დაიწყეს ხელახლა მიწაზე ფორთხვა,
დაასუფთავეს არე-მარე, სახლს დაუბრუნეს ძველი იერ-სახე,
შეაგროვეს საბნის ყველა ნაჭერი,
არ დაკარგულა არცერთი ნაწილი,
მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, რას უძლებს მათი საწყალი ზურგი!

ის კაცი თან ყოფილა მსუნაგი, მანამდე ხომ მისცა ბიძგი,
მოუწყო კარგი ჭამა-სმა, გაუქრო თავისუფლებისკენ სწრაფვა,
ახლა კი დამდგარა შუადღე, გლეხკაცებს კი არ აღირსა წყალიც კი,
არადა ხომ გასცა დაპირებები, დაარიგა რა ტკბილი ტყუილები! 

ახლა ვენახს სჭირდებოდა მოვლა, აღარ ჰყოლია კარგა ხანი პატრონი,
შეეყარა რა სენი, მაგრამ არავინ დარჩენია მომვლელი,
გლეხები საათობით სხლავდნენ ვენახს, უბოძეს რა ახალი სიცოცხლე,
ერთი კი გამხდარა შეუძლოდ, და ამასობაში დარჩენილა ღმერთის ამარად,

"ვინმე მაინც მოვიდეს აქ, სულ როგორ უნდა ვიყოთ ქაქში,
კაცი კვდება, ყველა წუთი გადამწყვეტია,
ნუთუ ეს ასეთი ძნელია, როგორ შეიძლება ამის დანანება,
ის კაცს აღარ შერჩენია სიცოდვილე, დანარჩენი ხომ სულაც ზედმეტია!"

მაგრამ ის კაცი არ მოსულა, არც ვინმე სხვა გამოჩენილა,
ის ბედკრული კი სულს ღაფავდა, აშკარად ბოლო წუთებს ითვლიდა,
"წყეულიც იყოს ჩემი თავი, ეს რა დავიმართე,
არ ჯობდა ქალაქში ყოფნა, იქ მაინც შემეძლო ხოლმე წოლა,

ერთხელ გვაღირსა ბატკანი, გავიგეთ ცხოვრების გემო,
მაგრამ ყველაფერი ფარსი ყოფილა, კეთილშობილება კი უბრალო გარსი,
მენატრება ჩემი ეზო, იქ მელოდება ისედაც დაკარგული ოჯახი,
ვაჰმე როგორი სულელი ვყოფილვარ, მაპატიოს ყველამა, ამასაც ხომ თქვენთვის ვაკეთებდი!"

წამოღერღა ეს სიტყვები, და იმწამსვე მიიცვალა,
დაინახეს რომ აღარ ინძრეოდა, მაგრამ არავინ გატოკებულა,
რა აზრი აქვს, ფიქრობდნენ თავისთვის,
ის კაცი ხომ მანამდეც მოვიდოდა, სჯობს ჩვენს თავებს მივხედოთო!

დაასრულეს ვენახის მოვლა, ის კაცი მოსვლაზეც თავს აღარ იკლავდა,
არამედ ეახლათ მათ შიკრიკი, და ამოიღო წიგნაკი,
მანდ ეწერა ყველაფერი, რასაც ის კაცი მანამდე თავად ამბობდა,
ალბათ ვეღარ იცლისო, მხოლოდ ეს თუ იფიქრეს გლეხებმა,

"მხოლოდ ვენახის მოვლა არაა საკმარისი, ყოველი თოხი თუ სხვა უნდა იყოს ვარგისი,
ახლავე მიდით საწყობში, და დაიწყეთ ყველაფრის შემოწმება,
შეიძლება რომელიმეს შეეპარა ჟანგი, სწორედ მაშინ უნდა დაიაიროთ თადარიგი,
დააწყობთ მათ ცალკე იმწამსვე, ხოლო შემდგომ დაიწყებთ ჟანგის აცლას!

მხოლოდ ამის შემდგომ გერგებათ ყველას წყალი, სული მართლაც რომ არ წაგივიდეთ,
საჭმელს მხოლოდ ღამით შეჭამთ, ბევრი დრო რომ არ დაიკარგოს,
ესეც გეყოფათ, ძილისწინ კარგად შეჭამს ყველა,
ახლა კი გააგრძელეთ შრომა, დრომ არ იცის მოცდა!"

შიკრიკმაც დაასრულა და წავიდა, გლეხობა კი იქვე დატოვა,
"ის კაცი სულ წავიდა ხელიდან, როდიდან გავხდით მისი მონები,
დამატებით დაგვიმატოს მონეტები, თუ კიდევ უნდა გავისარჯოთ,
ან ახლა მაინც მოგვცეს რამე, თორემ ხომ გაძვალვტყავდით ყველანი!"

ერთი ორმა კი თქვა, მაგრამ სხვებმა გააგრძელეს ბრძანების შესრულება,
აღარაფერს აქვს აზრი, ისედაც დამდგარა ავდარი,
აღარ დარჩენილა საღი აზრი, მხოლოდ ის რომ მოსავლელია ის დიდი ბაღი,
კარგად მოვიქცევით და დაგვაფასებს, იქნებ ადრე გაგვიშვას კიდევაცო,

ღამეც დამდგარა და როგორც იქნა ერგოთ ძილისწინ,
იმ კაცმა ხორცი არ დაიშურა, თან არცერთი ნაჭერი არ გაფუჭებულა,
მას თან მოჰყვა ახალი პური, ისეთი რომელიც მუდამ იყო ძვირი,
კარგი დაფასება იცისო მაგან, თავისთვის კისკისებდნენ საწყლები,

ასე გადიოდა წლები, მაგრამ არ ასრულდა სურვილები,
ის ნანატრი თავისუფლება აღარ დამდგარა, მატარებელიც დიდი ხნის წინ წასულა,
ცარიელი იყო სადგური, მოედო კარგახნის წინ ხავსი, 
და მანამდე უკვე ყველაფერი დაჟანგენულა, თუნდაც ყველას ხელში გამოვლილი ნემსი,

ის კაცი კი ჩუმად ჩადიოდა ქალაქში, ბილეთების ბეჭდვა კვლავ დაიწყო დაზგაში,
სადგურის მოედანზე კი გაჰყვიროდა ერთი-ორი შუამავალი:
"გინდა კარგი ხელფასი? მოდი ჩვენთან და დღესვე აიწყვე უკეთესი მომავალი!"

ახლა კი ყველაფერი გასაგებია, ან ისიც თუ რატომ შეცოტავდა მუშა-ხელი,
ზოგი ვეღარ უძლებდა, მუდამ ტანჯვაში ყოფნა ძნელია,
ერთმა გაქცევა სცადა, ხოლო მეორე ჭლექმა იმსხვერპლა,
მაგრამ იმ კაცს არ ანაღვლებდა, რადგან არასდროს დაილევა სასოწარკვეთილთა ფენა,

ერთ დღეს მივიდა სადგურში ერთი ბიჭი, იქვე უყიდია შოთის პური,
გაიგო იმ კაცის შესახებ, იყო რა მუდამ ღატაკი,
ცდუნება მუდამ არის წუპაკი, იქნებ ისიც დათანხმდა სულთა მპყრობელს?
თუ ეყო ჭკუა და უარი თქვა სულის დათმობაზე? ესეც მხოლოდ ყოვლისშემძლემ თუ იცის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი