ამ ქვეყნად მოხველ ...


ფიროსმანს

ამქვეყნად მოხველ ძალიან ცუდ დროს,
ვერავინ მიხვდა შენს სულს და სურვილს,
ცოცხალს არ გქონდა ქოხიც კი მყუდრო,

მკვდარმა დაიპყარ პარიზი, ლუვრი.
გლეხკაცი იყავ ჯიშით და გენით,
გლეხური დაგყვა სიალალმართლე,
ბევრჯერ დაგგესლეს შურიან ენით,

ყურს არ უგდებდი სულით წარმართებს,
ვერ გიქარვებდა დარდებს არაყი,
დაუძმობილდი სარდაფს და დუქნებს,
ეხ, რა იცოდი, ფუნჯის ბარაქით

ხელს რომ უწყობდი ჯიბესქელ მსუქნებს.
გვიან გავიგეთ შენი დიდება,
შუბლი ცოცხალ კაცს ვერ დაგიდაფნეს,
შენი სული თუ ცაში ბრწყინდება,

ძვლები, ვინ იცის, სად, როდის დაფლეს.
არა გწყალობდა კეთილ კაცს ბედი,
კიბის ქვეშ ჰპოვე თავშესაფარი,
არ მოუხარე ცხოვრებას ქედი,

ღვთის მადლით გქონდა ფუნჯი გამთბარი.
ვაგლახ, ამაყი და დარდიმანდი,
ბრიყვებს ეგონათ, სმით დაგლახავდი,
`ჭიქა არყისთვის~ კი არ ხატავდი,
შენ ნახატებით სიკვდილსა კლავდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი