"ლექსის აკვანი"
ნეტარებაა,როცა აკვანში ისმის ჰანგები,ტკბილად ნამღერი, როცა ტკბილ ხმაში,დედის ნანაში იგრძნობა სხივი და მზის ნათელი. ნეტარებაა,ქარებს უებარს რომ გრძნობ სულში და ცა მუზით გავსებს, როცა აკვანში სიო დაჰბერავს ჩვილს ეს სილაღით,სიცოცხლით ავსებს. დიდი განცდაა როცა გრძნობ ფერებს იდუმალ ენებს ქარით ნაამბობს და ეფერები იმ ლამაზ ბგერებს დედის ნამღერით შენ სულს რომ ათბობს. ნეტარებაა,ციურ სავალში ქარი რითმთა ზღვას სულში რომ არხევს, მე გავიზარდე ლექსის აკვანში სადაც ვით ჩვილი,ვგრძნობ დედის ალერსს.. მასწავლის ანბანს,მგოსანთა ანბანს ქარი,მზის სხივებს აკვანს რომ აფენს, მჯერა,მუზა კვლავ დამირწევს აკვანს და შთამაგონებს გედების ნამღერს. ჰოი რა ხმაა,რა ტკბილი ხმაა ეს ხმა ხომ სულის იარებს ამსხრევს, ვგრძნობ ციურ ამბორს და ტანში მზარავს დაჰქრის სიო და თან მიმხელს სათქმელს. /კახა გორგაძე 07.2021/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი