აკოცე ბაყაყს
აკოცე ბაყაყს გხვევდა ბურუსში მოცახცახე ხეების ლანდი, გარს რომ უვლიდი საშიშ ჭაობს, მღვრიეს და ლეგას, იქნებ ვერაფერს ვეღარ იგრძნობ ამაზე ნამდვილს, დროებით ვცხოვრობთ, არაფერი არ რჩება ჩვენგან. წარმოიდგინე მილიონჯერ, რომ კოცნი ბაყაყს, ყველა ოცნებამ დაე ერთ დღეს დაკარგოს სახე, რომ ხუჭავ თვალებს, მის ლურჯ სხეულს, დახორკლილ სხეულს, თეთრ ხელებს ახებ და ვარდისფერ ბაგეებს ახებ. ილუზიისთვის აშენებულ ჯებირებს ჰგავდა შენი ზღაპრის და რეალობის გამყოფი ღობე, ამ მყრალ ჭაობში უფლისწულებს რა უნდათ ანდაც, განა არ იცი? ჭაობები ბაყაყებს შობენ. აკოცე ბაყაყს, გაექეცი ზიზღსა და შიშებს, ეჭვსა და ყოყმანს და ასობით უსაგნო სურვილს, აკოცე ბაყაყს, შენს ცრემლებში ხელახლა იშვი, და დაკარგული დაუბრუნე სამყაროს სული... დროებითია ყველაფერი, მას რისიც გჯერა ჩამოშლის დრო და დაშაშრული გვალვისგან სივრცე, აკოცე ბაყაყს და უცადე სხვანაირ სცენარს, აკოცე ბაყაყს, იმისთვის რომ ბაყაყად იქცე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი