წითელქუდა


წითელქუდა

შენ  ტყე  ხარ  და  უფრო  საშიში  ხარ
ღამით, როდესაც  მთვარის  შუქზე
შენი  გულიდან  გამოდიან  მწვანეთვალება  მაქციები;
როცა  ბეჭებზე  წიწვებივით
მოგონებები  გეზრდებიან.
დიდია  შენი  მარტოობა,
ძველია  შენი  მარტოობა,
თოვლია  შენი  მარტოობა
და  ჯერ  არავის  გაუკვალავს.

შენ  ტყე  ხარ, მე  კი  წითელქუდა,
ზღაპარი  შენი  ჯურღმულების,
სიზმარი  შენი  ფოთოლცვენის,
ამბავი  შენი  მაგიისა.
შავი  მოცხარი  გამასინჯე,
შავ  მოცხარს  გემო  აქვს  სიყვარულის,
სიყვარულს  შავი  მოცხარის  გემო  აქვს.
არ  შემახვედრო  ბეღურები,
არც  ირმები  და  მელიები,
შენ  ტყე  ხარ, მე  კი  წითელქუდა
შენ  მგელი  უნდა  შემახვედრო!
და  მე  ამისთვის  შეგიყვარებ.

ასე  როდიდან  მეფიქრები?
ან  ასე  როდის  გავიზარდე?
რომ  შენი  აღარ  მეშინია.
არც  მაგ  პირღია  სიღრმეების,
არც  შხამიანი  სოკოების,
აღარც  გრძნეულთა  მეჯლისისა.
შენს  საიდუმლოს  მაზიარე,
ერთხელ  ჩემს  ბილიკს  ამაცდინე
და  შენს  სურვილში  შემიტყუე,
სულ  სხვანაირი  დამაბრუნე
შენი  ფოთლების  სილურჯიდან...

შენს  ათასწლოვან  სიჩუმეში,
შენ  შეძლებ, რომ  არ  შემომიშვა,
შენ  ტყე  ხარ  და  ნუ  შემომიშვებ,
თუ  მგელი  მოკლა  მონადირემ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი