მზეო, ამოდი!
მზეო, ამოდი! ამოდი მზეო, მოაცილე ჩემს გულს შიშები, შენ იცი, როგორ მაღელვებდა შენი შორეთი, როგორ ვრისკავდი ზოგჯერ, როცა ჩემში გიშვებდი, როცა შენს ქვემოთ ვწვებოდი და თვალს გისწორებდი. ზღვის ფსკერმა შთანთქა ღამეები შენით მწყურვალი, შენ მზე იყავი და თაფლისფერ სახლში მაცხოვრე, შენი ნათებით, დაბნელებით და სიმხურვალით, მე მხოლოდ ერთი სიყვარული დავიმახსოვრე. ქვიშით გავავსე მარტოობის შავი ღრმულები მთელი ცხოვრება გაივლიდა ამგვარ ლოდინში, მე ვიწვოდი და ვბრმავდებოდი შენი ყურებით, თვალები მაინც არ დავხუჭე და შემოგიშვი. ვსუნთქავდი ჰაერს შენი ცხელი სუნთქვით ალესილს, ჩემს სიახლოვეს შენ ჩნდებოდი ზოგჯერ სხვა სახით, მე ვიცოდი, რომ დამფერფლავდა შენი ალერსი, შენი უნარი დავიწყების და გარდასახვის. შენ აკრძალული სიყვარულის ყველა სამხილი იყავი... ჩემთვის ბოლოს წყევლაც და ეშაფოტიც, მაინც მინდოდა გაგეგონა ჩემი ძახილი ნელსაცხებლებად გაბნეული - მზეო, ამოდი! რადგან შენ ჰგავდი დაჟანგული ფრთების აწევას, მიყვარდა დიდხანს შენი მთები, შენი მიწები, ამოდი, მზეო, უსურვილო ჩემგან გაქცევა დაგაგვიანდა, მე შენ ვეღარ დამავიწყდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი