კედლები


კედლები

მე  მეშინია  კედლების,
რომელსაც  დიდხანს  აშენებდნენ,
რომელიც  ისე  ააშენეს,
ფანჯრებზე  არც  კი  უფიქრიათ.
დიდი, მაღალი  კედლები,
დიდი, წითელი  კედლები,
მზეში  შემხმარი  სისხლით  და
ტვინის  ცხელი  ნარჩენებით.
ხავსმოდებული  კედლები,
აქა-იქ  ბზარებშეპარული,
რომელთა  უხსოვარობას
გარდაცვლილებიც  გაურბიან.
მე  მეშინია  კედლების,
მოლაპარაკე  კედლების,
სმენადქცეული  კედლების,
ყველაზე  უფრო  მეშინია.
მე  მეშინია  კედლების,
ჩვეულებრივი  კედლების,
რომელთაც  უნდა  შემოსაზღვრონ,
ვინმეს  სევდა  ან  იდილია.
კედლები - მჭრელი  საცეცებით,
კედლები, როცა  არ  გიშვებენ,
მათგან  გაქცეულს  გაბრუნებენ,
რათა  ძილივით  შეგიბრუნონ
თავიანთ  დამპალ  სინესტეში.
მე  მეშინია  კედლების,
მე  მეზიზღება  კედლები!
მე  დამანგრია  კედლებმა,
რომელიც  მე  ვერ  დავანგრიე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი