უცხო სტუმარი


უცხო  სტუმარი

იმ  შორ  საღამოს, დრო  რომ  ქარგავს  თავისი  ქარგით,
არ  ვიხსენებდე  ჟრუანტელით  ღამე  არ  გავა,
დავხვდი  ჟასმინის  სურნელით  და  წითელი  კაბით,
უცხო  სტუმარი  რომ  მოვიდა  ჩემს  მოსაკლავად...

ვუსმენდით  მოცარტს  დაბალ  ხმაზე, მერე  მარტო  როკს,
სახლების  თავზე  ღამის  ბინდი  მოეწია  მზეს,
ერთი  შეხედვით  ის  არ  ჰგავდა  მკვლელს, ან  პათოლოგს,
მეტიც - სინაზით  საუბრობდა  პოეზიაზე.

და  შეგნებულად  ვაკონკრეტებ  ცას  რომ  არ  აჰყვა
იმ  ღამით  მთვარე, ვინაიდან  გვერდს  ვერ  ავუვლი,
შემოეპარა  თეთრი  შუქით  სახლის  ალაყაფს,
და  ერთადერთი  მოწმე  გახდა  დანაშაულის.

ის  კი, უცხო  და  გალანტური  ჩემი  სტუმარი,
საბედისწერო  ლურჯი  მზერით  ფიქრებს  იჭერდა,
ვერ  ვიეჭვებდი  ცუდს  მცირედსაც, თუნდაც  ხუმრობით,
თქვენც  ჩემს  ადგილას  ვერაფერი  დაგაეჭვებდათ.

მომიახლოვდა, ვით  ცეცხლი  და  აღარ  მომცილდა,
გადაეფარა  მწველი  გრძნობა  თვალებს  ბინდივით,
ვცეკვავდით  რაღაც  ვალსის  მაგვარს, ყელში  მკოცნიდა,
გარეთ  კი  ბაღში  პიკს  აღწევდა  წვიმის  ინტიმი.

დავლიეთ  ვისკი (მსგავს  პაემნებს  მუდამ  თან  ახლავს),
და  ვაღიარებ, უპირობოდ  მე  მას  მივენდე,
იგი  ყვებოდა  სიყვარულზე  ისე  ხმამაღლა,
რომ  ერთ  ოთახში  მთელი  ზეცა  შემოვიკედლეთ.

და  მომიხელთა, ხეთა  ლანდებს  ღამე  არწევდა,
იყო  წუთები  უმწეობის, თავს  ვერ  ვშველოდი,
მკაცრად  მჯერა, რომ  ვერ  შევძლებდი  მისგან  გაქცევას,
რომც  შემძლებოდა, მაინც  არსად  გავიქცეოდი.

კანზე  დახორკლილ, ვერმოსათმენ  ტკივილს  ვითმენდი,
ის  იღიმოდა, მიყურებდა  მშვიდად  თვალებში,
მირტყამდა  დანას, ტანზე  გაზრდილ  ტიტებს  ითვლიდა,
მარცხენა  მხართან, უფრო  ხშირად  გულის  არეში.

მოვკვდი  და  დაბლა  ღვარი  იდგა  დიდხანს  ტიტების,
ალბათ, ამგვარი  სხვა  ამბავი  თქვენ  არ  გსმენიათ,
მას  აქეთ  არის, რომ  მაცვია  კაბა  წითელი,
მას  აქეთ  არის, რომ  სიკვდილის  არ  მეშინია.

და  ის  საღამო, დრო  რომ  ქარგავს  თავისი  ქარგით
არ  გამახსენდეს  ჟრუანტელით,  ღამე  არ  გავა,
დავხვდი  ჟასმინის  სურნელით  და  წითელი  კაბით,
საღამოს  პირზე  ის  მოვიდა  ჩემს  მოსაკლავად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი