უკაცრიელ მინდვრებში მარტო


უკაცრიელ  მინდვრებში  მარტო

დიდი  ხნის  წინათ, ღამით, როცა  ცის  ყველა  მნათობს,
წაჰკიდებოდა    ქარვა - მწიფე  ბაღების  ფერი,
მე  დავიკარგე  უკაცრიელ  მინდვრებში  მარტო,
და  შევისუნთქე  ვარსკვლავების  მსუბუქი  მტვერი.

საშინელ  ჩრდილებს  გადმოფენდნენ  ხეები  ვიდრე,
როგორც  რაიმე  ავის  მაცნე, კიოდა  ჭოტი,
- არ  გესმით  ჩემი?! - გავძახოდი  მთვლემარე  მინდვრებს,
და  ვაწყდებოდი  დუმილს, ღამის  საზარელ  მოტივს.

მას  შემდეგ  უკვე  ჩავლილია  მრავალი  წყალი,
დრო  მოგონებებს  აბუნდოვნებს, ნაცრისფრად  ღებავს,
ტყე  იზრდებოდა, მისი  ორი  წითელი  თვალი
მომშტერებოდა, არ  მაძლევდა  გაქცევის  ნებას.

მას  შემდეგ  სხვა  ვარ, სხვანაირად  მესმის  და  მჯერა,
და  ყოველ  ლექსში  თითო  ღმერთს  და  სიცოცხლეს  ვკარგავ,
მე  შევისუნთქე  ვარსკვლავების  მსუბუქი  მტვერი,
და  დავსნეულდი, აღარასდროს  გავხდები  კარგად.

მას  შემდეგ, როცა  ღამის  ნისლში  ტყეები  ჩანან,
მგონია, ქარი  მიპოვნის  და  ზეცამდე  ამწევს,
ეს  არის  სენი  მომაკვდავი, ცას  ვხედავ  სანამ,
იქამდე  ცეცხლის  ღმერთს  ვუმღერებ, იქამდე  დავწერ.

განა  არ  ჯობდა? კუპრის  წვიმად  დამშლოდა  ჭერი,
ან  დავეგესლე  მკვდარ  ჭაობთა  ბინადარ  ჰიდრას,
მე  შევისუნთქე  ყველა  შხამზე  საშიში  მტვერი,
იმ  ღამით, როცა  ცა  ვარსკვლავებს  თესავდა  მინდვრად.

დიდი  ხნის  წინათ, ღამით, როცა  ცის  ყველა  მნათობს,
წაჰკიდებოდა    ქარვა - მწიფე  ბაღების  ფერი,
მე  დავიკარგე  უკაცრიელ  მინდვრებში  მარტო,
და  შევისუნთქე  ვარსკვლავების  მსუბუქი  მტვერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი