კუდიანების სიმღერა
კუდიანები რომ ვიყავით, ხომ გახსოვს, გოგო? ელოდებოდნენ სავსე მთვარეს ჩვენი ბაღები, ჩვენ ცეცხლს ვუნთებდით ტყის ბნელ სულებს და ბნელ სიყვარულს, გვესმოდა ენა ხეებისა და ბალახების. გახსოვს? ცა როგორ გაიმჭვარტლა, როგორ გაშავდა, ტყეც, ვარსკვლავებიც უცხო შიშის გახდა საფარი, მდინარის პირას სიყვარულის წამალს ვხარშავდით, და ღრმად მიწაში გულის სწორთა ბედი დავფალით. იმ ფორიაქის ყრუ ყიჟინა წარსულს მიბარდა, ცხოვრება ახლა უსიცოცხლო წყლებში გვაგუბებს, გახსოვს? ვიცნობდით ბედისწერას და ვინც გვიყვარდა, ისე ძლიერად შევიყვარეთ, კიდეც დავღუპეთ... და ზოგჯერ ახლაც, ღამის ბანგით როცა ვბრუვდებით, მოგონებები გვედებიან ტანზე ალებად, ვერც ჩვენს მაგიურ სამყაროში ვეღარ ვბრუნდებით, ვერც არსებობა ვერ გამოგვდის მოკვდავ ქალებად. მიგვაქროლებენ ჩვენი სიზმრის ლურჯი რაშები, იმ დროში, სადაც ენა გვესმის მთების, ლოდების, სიცოცხლის ცეკვას სადაც ვცეკვავთ ცეცხლის გარშემო და ველოდებით, ველოდებით, ჰო ველოდებით მათ, ვინც ტკივილად დაკრისტალდა, ვეღარ მოვიდა, და ვეღარც მოვა... დრო სიზმარ-ცხადს ერთად ამიწებს, ჩვენი სიმღერა გადაუვლის მძინარ სამყაროს, ჩვენგან ნამღერი და მკვდარ გულებს გამოაღვიძებს. ზოგჯერ ხომ ხდება, როცა წუთს აქვს ფასი სიცოცხლის, მისი ნათება სიკვდილამდე უნდა ატარო, კუდიანები რომ ვიყავით, ხომ გახსოვს, გოგო? ის დრო არაფერს არ შეადარო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი