ქვებს მოუყევი


ჰგავს  მოჩვენებას  ახლა  ის  წლები,
ბედი  არასდროს  იყო  ურყევი,
წყალს  არ  მოუყვე  შენი  სიზმრები,
წყალი  საუბრობს - ქვებს  მოუყევი.

მდინარეების  ზოგჯერ  ქარებთან
ისმის  ჩურჩული, ნაზი  ალერსი,
იბზარებიან  ქვები  დრო-და-დრო,
მაგრამ  მათი  ხმა  არვის  არ  ესმის.

დროის  უსაზღვროდ  მძიმე  დინებას,
და  მწუხარების  თმენას  ირჩევენ,
ქვებს  მოუყევი, ქვებს  ეტკინებათ,
მაგრამ  არაფერს  არ  შეიმჩნევენ.

განაცრისფრდება  როცა  ცისკარი,
წამის  სისწრაფით  გავა  ცხოვრება,
ვერახდენილი  ჩვენი  სიზმარი,
ქვებს  სამუდამოდ  ემახსოვრებათ.

ცა  რომ  მოიბამს  წვიმებს  ეჟვნებად,
ღრუბლებს  გაივლის  ელვა  ტივივით,
ქვებს  ყვავილებად  ამოეშლებათ,
გაუმხელელი  ჩვენი  ტკივილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი