მეგობარს


მე ბოლოს შენთან მიკითხავენ და შენ პირობას
ამ ბოლოჯერაც შეასრულებ - არაფერს იტყვი,
შენ იტყვი სიტყვებს ზერელეს და უფრო პირობითს,
რამეთუ სხვა მხრივ საშიშია ყოველი სიტყვა.
ნუ ისაუბრებ დეტალებზე, ზუსტ თარიღებზე,
როდის მოვედი, დაგირეკე ბოლოჯერ როდის,
გკითხავენ პირად შეგრძნებებზე, ნუ აღელდები,
უბრალოდ მოკლედ უთხარი, რომ არაფერს ვგრძნობდი.
მოყევი რამე, მაგალითად რომ ვუყურებდით
ამ ცოტა ხნის წინ, სამხრეთისკენ მიმავალ ბატებს,
რომ ყვითლდებოდნენ ნეკერჩხლები ნაცნობი სევდით,
და ფანჯარასთან დიდხანს თვლემდა მეზობლის კატა...
თქვი, რომ არ იცი არაფერი ამაზე მეტი,
და კაცმა რომ თქვას, არც ესაა ძალიან ცოტა,
გკითხავენ, თუ რამ დაგიბარე, ვერც გაამტყუნებ,
ხომ შესაძლოა, რომ სათქმელი რაიმე მქონდა.
შენ უპასუხებ - არაფერი ყოფილა მსგავსი,
არავითარი წერილები, არცერთი სიტყვა...
მე ბოლოს შენთან მიკითხავენ და მერე არსად,
შენ კი პირობას შეასრულებ - არაფერს იტყვი.
და ყოველგვარი შესავლების გარეშე ასე
შენ შეგიძლია დაამატო, რომ იყო თოვა,
რომ სათქმელია არაფერი, ხოლო კითხვაზე
თუ როდის მოვალ, შენ იტყვი, რომ მე აღარ მოვალ.
იტყვი, რომ დავრჩით მეგობრებად და პირველ ყოვლის
ისედაც დიდხანს ვიმეგობრეთ, უხსოვარ დროდან,
რომ მე წავედი  სულ უბრალოდ  და იყო თოვლი,
აუარება თეთრი თოვლი და ყველგან თოვდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი