ამღამ ცა ისე დაბალია...


***
ამღამ  ცა  ისე  დაბალია,
მთვარე  ისეთი  ახალია,
ვით  სახლის  ჭერზე  ჭაღის  ბურთებს,
ალბათ  ხელითაც  ავწვდებოდით,
მე  ვიცი  შენთან  სხვა  ქალია,
მე  ვიცი  ჩემთან  სხვა  ქარია,
და  მაინც  თოვლის  სიმსუბუქით
შენს  შიშველ  ტანზე  დავწვებოდი...

აქ  ბალახებიც  დამყოლია,
აქ  ამინდებიც  დამყოლია,
რაც  ნაკვალევად  დარჩენილა,
იმას  ადვილად  წვიმა  ვერ  შლის,
შენი  სურნელი  ამყოლია,
შენი  სურვილი  ამყოლია,
შემოვიდოდი  შენს  მკლავებში,
როგორც  ზაფხულის  მდინარეში.

შენი  ხელები  მყვარებია,
შენი  თვალები  მყვარებია,
და  მონატრების  ღამეები
რაღაც  სიგიჟეს  დამმართებენ,
სახლს  უკან  ხორბლის  ყანებია,
სახლს  უკან  მუხლამდე  ყანებია,
კომშის  ხეებზე  მთვარეები,
ყვითელი  შუქით  ანათებენ.

დასჩემდათ  ქარებს  რიარია,
ქარიც  უწინდელი  ნიავია
და  სული  სცდება  ყველა  საზღვარს,
რომელსაც  ადრე  არ  ვცდებოდი,
მე  ვიცი, უკვე  გვიანია,
მე  ვიცი, მართლა  გვიანია,
და  მაინც, თოვლის  სიმსუბუქით
შენს  შიშველ  ტანზე  დავწვებოდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი