ხელების სიბრძნე


სხვისი  ხელების  რომ  დაკარგეს  საჭირო  სითბო,
განშორებისას, პირველ  რიგში  ხელებმა  იგრძნეს,
სიცოცხლის  ბოლოს  ხელებს  მუდამ  იკრეფენ გულთან,
გულის  კი  არა, ასეთია  ხელების  სიბრძნე.
ხელები... ზოგჯერ  უფოთლებოს  მოჰგვანან  ხეებს,
და  ზოგჯერ  კიდევ  მოუგებელს  იგებენ  ომებს,
ჯერ  არასოდეს  არაფერი  შეშლიათ  ხელებს,
სიბრმავის  შემდეგ  ძვირფას  სახეს  ხელები  ცნობენ.
ბნელ  ოთახებში  ღმერთი  მოდის, იხსნება  გზები,
როს  პირჯვრის  წერით  აღავლენენ  ხელები  ლოცვას,
და  უყვართ  ხელებს  სიგიჟემდე  მისული  ვნებით,
გათენებამდე  შეუწყვეტლად  უკრავენ  როცა.
აქვთ  საიდუმლო  რიტუალი  სიზმრების  ფერი,
როცა  შეხებით  ერთმანეთში  აურას  ცვლიან,
და  კანკალებენ, ეშინიათ  ბავშვივით  ხელებს,
როდესაც  კარზე, ნაცნობ  კარზე  ზარს  რეკენ  გვიან...
ხელები... ხელებს  უხმო  სევდის  ფერი  აქვთ  ხშირად,
და  გული  თუნდაც  იყოს  ბევრი  სიცრუის  მცველი,
ხელებს  არასდროს  შეუძლიათ  ტყუილი  მცირეც,
ანაბეჭდები  უტყუარი  არსებობს  ხელის.
ხელებს  შეატყობ  ემოციას  ღმერთივით  ნამდვილს,
და  როცა  ირგვლივ  თამაშდება  უნიჭო  ფარსი,
ზოგჯერ  ისეთი  დაღლილია  ხელები  დარდით,
კოცონის  ალზე  დაღვენთილი  სანთლების  მსგავსად.
არავინ  მოდის  იმ  წუთებში  ხელებთან  შველად,
და  იპყრობთ  ჩავლილ  ზამთარივით  ნაცნობი  ელდა,
როცა  გაირბენს  ჩემი  ყოფნის  სადგური  ყველა,
ჩემი  ხელები  გინატრებენ  ყველაზე  მეტად.
ენთება  ცაზე  მთვარე, როგორც  წითელი  მოცვი,
გაირანდება  ყოველივე  ათასგვარ  ფერში,
და  ჩემს  თვალებში  ჩაქრებიან  შუქები  როცა,
ჩემი  ხელები  მოგძებნიან  უმიზნოდ  ბნელში.
სხვისი  ხელების  რომ  დაკარგეს  საჭირო  სითბო,
განშორებისას, პირველ  რიგში  ხელებმა  იგრძნეს,
სიცოცხლის  ბოლოს  ხელებს  მუდამ  იკრეფენ  გულთან,
გულის  კი  არა, ასეთია  ხელების  სიბრძნე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი