ყვავების სევდა


რა  უხეიროდ  შავები  ხართ  ყვავებო  მართლაც,
რამ  გაგაშავათ, რა  იდარდეთ  ასეთი  დარდით,
ასე  სასტიკი  რამ  გარგუნათ  ყოფა  და  ხვედრი,
მჯერა, რომ  უწინ  თქვენ  მღეროდით  ბულბულთა  ხმაზე
და  თქვენი  ფრთებიც  თეთრი  იყო, თოვლივით  თეთრი.

რა  შემზარავად  შავები  ხართ  ყვავებო, მართლაც,
მობინადრენო  საფლავების, წყევლის  და  შიშის,
მოჩვენებებო  უკაცრიელ  ტყეთა  და  ველთა,
მოფრინდით  ღამით, ჩემი  ბაღის  ყვავილებს  გჩუქნით,
ყველა  ყვავილი  წაიღეთ  და  თქვენ  დარჩით  ჩემთან.

ჩემი  მძივებით  და  იმედით  მოირთეთ  თავი,
მტვრიან  წიგნებში, ძველ  კაბებში   დაიდეთ  ბინა,
ვერ  შემაშინებთ  მაგ  ყრანტალით, ნახშირის  ფრთებით,
მეც  თქვენნაირად  დამშრალი  და  შავი  მაქვს  გული,
ასე  გვალვებში  თვალუწვდენი  შრებიან  ჭები.

გადმოუფრინეთ  სიმინდების  ყანებს  კვამლივით,
ცივი  ზამთრების  ღამეებმა  ვიდრე  მომცელეს, 
დამცილდით  მერე, შავ  ქალებზე  ამცნეთ  სამყაროს,
შავი  თვალებით, შავი  თმებით, შავი  დარდებით,
რომ  შეიყვარეს  და  იოცნებეს...

რა  სიკვდილივით  შავები  ხართ  ყვავებო  მართლაც,
რამ  გაგაშავათ, რა  იდარდეთ  ასეთი  დარდით,
ასე  სასტიკი  რამ  გარგუნათ  ყოფა  და  ხვედრი,
მჯერა, რომ  უწინ  ბულბულების მღეროდით  ხმაზე
და  თქვენი  ფრთებიც  თეთრი  იყო, თოვლივით  თეთრი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი