აკვარიუმი (დედას)


ვცხოვრობდით სახლში ცის ნაპირას და ცის არეალს,
ღრუბლები - დიდი სპილოები თეთრად ფარავდნენ.
გამოდიოდა განთიადი როცა კომიდან,
ფანჯრის რაფაზე შეიხსნიდა ყვავილს ალოე;
მაღალჭერიან, თეთრ ოთახში დედა ხატავდა
აკვარიუმებს, ფერად თევზებს, ცას და კომეტებს.

სახლის კარებთან გიგანტური, თეთრი ღრუბლები,
სპილოებივით ჩაივლიდნენ, ფანჯრებს მიღმა კი,
ღრუბლები იყვნენ შემართული გემზე აფრები,
დედა ხატავდა ფერად თევზებს, ვერც იფიქრებდა,
იმ თევზებიდან მე ერთ-ერთი თევზი ვიყავი,
წითელი თევზი - ოქროსფერი, თხელი ფარფლებით.

რომ ლაყუჩებით შემესუნთქა სევდა წყვდიადის,
და ჩემს ყოფნასაც დარქმეოდა სევდა სახელად,
ჩამომდგარიყო ღამეები ცივი ფოლადის,
შეგრძნებებივით შემიცვლიდნენ წყალს იშვიათად,
და ბოლოს წყალსაც დამიშრობდნენ. მუხის ნახერხით,
აკვარიუმის ლურჯ კედლებში ამომქოლავდნენ.

ცურვას საზღვრებში თითქოს ხიბლიც ჰქონდა სიყრმიდან -
- მექერცლებოდა მთელ სხეულზე როცა ავდარი,
მოფორიაქე, ღია ზღვებზე ფიქრი მავსებდა.
ვაფერადებდი მოთმინებით შავ-თეთრ სიყვარულს,
მე ვგავდი დედას - დედაჩემი იყო მხატვარი,
საბედისწერო იყო ჩემი მასთან მსგავსება.

ჰგავდა ბავშვობა მზეში გამდნარ ცვილის ფიგურას,
იცვლიდა ფერებს და განწყობას, როგორც კლიმატი,
როგორც მთავრდება ფოთოლცვენა, ისე დამთავრდა...
და ჩემში დარჩა, რადგან იყო გენეტიკური,
ის ცის ნაპირი, ის ღრუბლები, ის კომეტები,
რომელთაც დიდხანს თეთრ ოთახში დედა ხატავდა.

ალბათ ამისი ბრალი იყო წვაც, აციებაც,
ყველაზე ხშირად საკუთარი თავის ღალატი,
მაშინ, როდესაც ერთგულება იყო ადვილი;
ჩემი უიღბლო რომანები - აბსტრაქციები,
სადაც ნამდვილი არაფერი იყო არასდროს,
გარდა სურვილის - ყოფილიყო რაღაც ნამდვილი!

ბოლოს კი უკვე არაფერში იყვნენ საჭირო,
ერთმანეთისგან არაფერი განასხვავებდათ.
მთელმა სამყარომ დაივიწყა და ყველა კაცმა,
რომ მე წითელი თევზი ვიყავი.
ან იქნებ ადრეც არ უწყოდნენ ამის შესახებ?
მათ არაფერი არ იცოდნენ ჩემს ბავშვობაზე,
ცისპირა სახლზე და დედაჩემზე.

რომ ჩვენ ვცხოვრობდით ცის ნაპირას და ცის არეალს
ღრუბლები - დიდი სპილოები თეთრად ფარავდნენ,
რომ იმ ღრუბლებმა ყველა ფანჯრის ცა დაიურვეს;
ფანჯრის რაფაზე მარადმწვანე იდგა ალოე,
მაღალჭერიან, თეთრ ოთახში დედა ხატავდა
ცას და კომეტებს, ფერად თევზებს, აკვარიუმებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი