ჩათესე შენი სიყვარული


არავინ  ცხოვრობს. ამ  სახლების  კედლებიც  ძველი
დაბზარა  ელვამ  და  სამყარო  ნელ  ცეცხლზე  ცხვება,
სოფლის  ტაძარში  აღარ  დადის  მოხუცი  მღვდელი,
იქ  შორიახლოს  მობალახე  შედიან  ცხვრები.
ჩათესე  შენი  სიყვარული  ჩემში, რომ  იმ  წამს
მოვიდეს  წვიმა, დიდი  წვიმა, სიცოცხლის  წვიმა,
რომ  ბალახები  სიტყვებივით  წამოსცდეს  მიწას,
და  მზის  ნაყოფი  გამოებას  ლიმონის  ხეებს.
ტკივილის  წყლებმა  სიყვარულის  წაგვართვა  ჩვევა,
გამოვიტანე  ტკივილიდან  სიმლაშე  ზღვების,
შენს  თვალებში  კი  გადარჩენის  იმედი  მრჩება,
ახლა  სიკვდილის  ფრინველები  მინდვრებში  ფრენენ.
ჩათესე  შენი  სიყვარული. დრო  იყო, როცა
ნამდვილ  სიცოცხლის  მესვეურთა  აქ  იდგა  რიგი,
და  მერე  გაქრნენ  იქით, სადაც  სულს  მარხავს  ხორცი,
დასასრულია, არაფერი  არ  ხდება  იქით.
სევდით  ჰაერი  ცოტავდება, არ  იძვრის  ქარი,
სათქმელს  კი, როგორც  პურის  ნატეხს, ედება  ობი...
ჩათესე  შენი  სიყვარული, რომ  ვიყო  ქალი,
რომ  სასწაული  მოვავლინო  და  ღმერთი  ვშობო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი