მეზობელ სახლში
მეზობელ სახლში, სადაც უკვე ცხოვრობს არავინ, ცხოვრობს აჩრდილი და ქუჩებში როცა ბინდდება, ის დგას სარკმელთან უთვალებო და შემზარავი, ჩემი ფანჯრისკენ იყურება და მაკვირდება... ყველა ქუჩაზე, ყველა ხეზე თოვლი მოვიდა, მეზობელ სახლში მარტოობის ცხოვრობს ქმნილება, ის შესაძლოა ყოფილიყო ვინმეს იმედი, ან სიყვარული, ან ლოდინი, ან მოთმინება. თოვლის სიმშვიდით სველდებიან გარეთ აბრები, მეზობელ სახლში თოვლის სუსხი შუქად იღვრება, და იქ აჩრდილი ფანჯარასთან ზოგჯერ საბრალოდ, პატარავდება და მწუხარედ მხრებში იხრება. აჩრდილად იქცა, ტრაგიკულად ყველა ვინც მოკვდა, ყველა ვინც მოკლეს, ან სიკვდილის წყევლით გათვალეს, ის მე მიყურებს ისე, თითქოს ერთდროს მიცნობდა, კი არ მიყურებს, დგას სარკმელთან და მითვალთვალებს. ვერხვის ხეები იმ სარკმელთან ტოტებს იწვდიან, ჩემს ამოუცნობ მეზობელთან შესვლის ჟინი აქვთ, მეც მას ვუყურებ ისე, თითქოს ერთდროს ვიცნობდი, თან ახლოს მინდა მივიდე და თან მეშინია. გავლილ მანძილებს დღეს ჩვენს შორის მანძილს ვატოლებთ, თოვს მდუმარედ და მდუმარებას ვარღვევთ არცერთი, არის რაღაცა მის ყოფნაში ადრე განცდილი, არის რაღაცა ამ მზერაში გულდასაწყვეტი. მეზობელ სახლში, სადაც უკვე ცხოვრობს არავინ, ცხოვრობს აჩრდილი და ქუჩებში როცა ბინდდება, ის დგას სარკმელთან უთვალებო და შემზარავი, ჩემი ფანჯრისკენ იყურება და მაკვირდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი