ფრთების გარეშეც...


ფრთების  გარეშეც  შესაძლოა  იფრინო  ცაში,
მაშინაც,  თუკი  რეალობა  ასე  ურჩია,
რატომ  გვეძებენ  ცივ  ქუჩებში  ნეტავი  მაშინ,
როცა  ჩვენ  უკვე  აღარ  ვცხოვრობთ  არცერთ  ქუჩაზე.

ის, რაც  ვერავინ  მიპასუხა,  დრომ  გამიმხილა,
გამიმართლებდა,  რომ  ლექსებში  დარდებს  ვატევდე,
ხან  ხდება,  სული  გადაიტანს  ტკივილს  იმხელას,
რომ  მერე  უკვე  გინდ  გათენდეს,  გინდ  არ  გათენდეს

არის  სულერთი  და  ზამთარი  წელში  იხრება,
არ  გეგულება  სულის, თუნდაც  ხელისმომკიდე,
ხან  ხდება,  სული  გადაიტანს  ტკივილს  იმხელას,
რომ  მერე  უკვე  გინდ  მოდი  და  გინდ  არ  მოხვიდე!

ფრთების  გარეშეც  შესაძლოა  იფრინო  ცაში,
უსმენს  საღამო  ჩემი  სულის  მსუბუქ  არიას,
რად  გვიხდებიან  ოცნებები  ნეტავი  მაშინ,
როცა  ისინი  ოცნებები  აღარ  არიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი