ჩვენ დავწვით სახლი


შემოდგომას  რომ  არ  დაეშვა  ყვითელი  ფრთები,
არ  შესჩვეოდა  ყინვა, როგორც  ერთგული  ძაღლი,
რომ  ვერცერთ  გამვლელს  ვერ  ეპოვნა  მის  შიგნით  შვება,
ჩვენ  ჩავიდინეთ  ბოროტება  და  დავწვით  სახლი.
ჩამოდიოდა  შავ  ნამსხვრევად  გრძნობები  მინის,
და  ყაყანებდნენ  ბაყაყები  გუბურის  ახლოს,
იწვოდა  სახლი. შეპყრობილნი  სადისტურ  ჟინით
ვურბენდით  ირგვლივ  და  ვყვიროდით - ''დაიწვი, სახლო!''
დაიწვი, სახლო!  შენ  არასდროს  დარჩები  უბრად,
არც  მარტოობის  ხავსიანი  მოწყენა  გელის,
არაფერია  მიტოვებულ  სახლებზე  უფრო,
უიმედო  და  შემზარავად  არაფრის  მთქმელი.
იქ  დარჩა  მაწვნის  თეთრი  ქილა, ყვავილი  ბალბის,
და  ტელეშოუ, იატაკზე  ხეების  ლანდი,
სიზმრის  მდინარე - სარეცელი, კანაფის  ბოლი,
და  სიყვარულის  ნარჩენები, რომელსაც  ვწვავდით.
როგორც  დავწვავდით  დაძველებულ  კომბოსტოს  ფოთლებს,
აღწევდა  ალი  ღრუბლებამდე  და  უფრო  მაღლა,
რომ  დაბრუნების  შევეცდინეთ  არასდროს  სურვილს,
და  არასოდეს  დაგვხვედროდა  გამოცვლილ  სახლად.
(ჩვენ  დავწვით  სახლი... შევიშალეთ  ამგვარად  როდის?)
ძირს  ეშვებოდა  ბუდეები  სხვენიდან  მერცხლის,
ჭერსა  და  სკამებს, ღია  ფანჯრებს, თუკი  რამ  გვქონდა,
გაუმაძღარი  აღტკინებით  ღეჭავდა  ცეცხლი.
იწვოდა  დიდხანს, იშვიათი  ისე  ვით განძი,
და  ბოლოს  გამქრალ  მირაჟივით  ჩამოწვა  დაღმა,
რა  დიდი  იყო, რა  მაღალი  და  თან  რა  გამძლე,
ცეცხლმოდებულმა  დაგვანახა  ბოლოსღა  სახლმა.
რომ  შემოდგომას  არ  დაეშვა  ყვითელი  ფრთები,
არ  შესჩვეოდა  ყინვა, როგორც  ერთგული  ძაღლი,
რომ  სხვას  ვერავის  ვერ  ეპოვნა  მის  შიგნით  შვება,
ჩვენ  დავწვით  სახლი;
ჩვენ  დავწვით  სახლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი