ვიდრე ეს ქარი


ღიაა  მისთვის  ჩარაზული  აქამდე  კარი,
აღარ  ისურვებ, მისგან  თავის  დაღწევა  შეძლო,
ის  მუდამ  ქროდა - შენი  ქარი, სხვაგვარი  ქარი,
ისე  ძლიერად, მისი  ქროლვა  რომ  სხვებსაც  ეგრძნოთ.
და  ამის  შემდეგ  წასულიყვნენ  ქარივით  სულაც,
რომ  გაჰქცეოდნენ  შენს  სიყვარულს, შენდამი  სურვილს,
რადგანაც  ამ  ქარს  შემოჰქონდა  ხიფათის  სუნი,
რადგანაც  ამ  ქარს  შემოჰქონდა  სიკვდილის  სუნი...
ხოლო  ერთ  დღესაც, სხვა  ცხელი  მზე  ადუღდა  თავში,
რაღაც  დიდი  და  უწონადო  მოვიდა  განცდა,
რომ  შენ  სიკვდილთან  მეტად  გრძნობდი  ინტიმურ  კავშირს,
მთელი  ზაფხული  რომ  გიყვარდა, ვიდრე  იმ  კაცთან.
და  შენი  ქარი  შენს  უსიზმრო  ღამეებს  ჰგავდა,
ქროდა  ხეებში  უხსოვარი  და  როგორც  ზარებს
რეკავდა  ღრუბლებს  და  ფერადი  ჩიტების  გარდა,
მან  მოიტანა  მარტოობა - მზის  ბნელი  მხარე.
ქრის  შენი  ქარი, სხვა  ქართათვის  უცნობი  რისხვით,
თან  დაატარებს  უკუნისფერ  სიკვდილის  აჩრდილს,
(სააბაზანო  არ  გაივსო  არცერთხელ  სისხლით,)
მხოლოდ  თვალებში  სევდის  თეთრი  ლაქები  გაჩნდა.
მხოლოდ  ნისლები  ჩამოადნა  ჰორიზონტს  მხრებზე,
ამოიჩემე  სიყვარული, ფილმივით  უხმო,
ცა  მიატოვეს  ღმერთებმა  და  ქრის  შენი  ქარი,
ორპირი  ქარი  ტყეებიდან  ურჩხულებს  უხმობს!
უსმინე, ეს  ხმა  საშიშია, საფლავებს  ბზარავს,
ძნელია  მიხვდე, იქ  სიცოცხლის  მარცვალი  თუ  ჩანს,
ვიდრე  ეს  ქარი, შენი  ქარი, შეცვლილი  ქარი,
სამარადისო  ფოთოლცვენას  წააყრის  ქუჩას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი