მაშინ გიხსენებ


მაშინ  გიხსენებ, ყველაფერი  როცა  მთავრდება,
როცა  ცხოვრება  წინანდელზე  ხდება  საეჭვო,
და  მარტოობა  ტერფებიდან  ისე  იზრდება,
უსიერ  ტყეში  იზრდებიან  როგორც  ფიჭვები...
რომ  ბოლოს  მისი  ღამეების  სევდა  მკვებავდეს,
მომწვდეს  ყელამდე, თვალებიდან  გამომანგრიოს,
თავისი  მწვანე  განათებით, მძლავრი  ტოტებით,
წარმოიდგინო  როგორ  ჰგვანან  ფიჭვები  ქალებს.
მაშინ  გიხსენებ, კიდევ  ერთხელ  როცა  ვალაგებ
სადღაც  ჩემოდანს, კიდევ  ერთხელ  როცა  ვსვამ  წერტილს,
როცა  არ  მრჩება  საიმისოდ  ერთი  მიზეზიც,
გათენდეს  ისევ  კიდევ  ერთი  უფერო  დილა.
მაშინ  ვარ  სახლი  და  ვინახავ  ნაკვალევს  შენსას
თხელი  კედლებით. თოვლიანი  დამნათის  მთვარე.
მარტოობა  კი  ტერფებიდან  იზრდება  მწვანედ,
(ლურჯ  კონტურებით  პეიზაჟი  ''მონეა''  გარეთ.)
გიხსენებ  მაშინ, რომ  გადავრჩე, შევუმსუბუქო
მკვდარშობილ  დღეებს  იშვიათად  ცივი  ზამთარი,
როცა  ხელებმა  ყველა  სევდა  გადაიტანეს,
და  მხოლოდ  თოვლის  სევდა  დარჩა  გადასატანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი