ყვავილები მკვდრებისთვის


მე  აღარ  დამაქვს  ყვავილები  საკუთარ  მკვდრებთან,
ვით  ყველა  ცოცხალს, მეც  ცოცხლებზე  ფიქრები  მავსებს,
ცის  სარკეებში  თუმცა  ამინდს  მოწყენას  ვამჩნევ,
ვერაფერს  გეტყვით, გინდაც  მკითხოთ, რად  მოხდა  ასე,
რომ  ჩემი  მკვდრები  ყვავილების  გარეშე  დარჩნენ.

მე  აღარ  დამაქვს  ყვავილები  საკუთარ  მკცდრებთან,
აღარ  ვუცქერი  მათ  ცივ  ქვებზე  დატვიფრულ  ხაზებს,
აღარც  იმ  ცივ  ქვებს, წასვლის  სევდა  რომლებზეც  არ  ჩანს,
აღარ  ვუყვები  აღარც  ისეთ  იღბლიან  ხალხზე,
ვინც  მათნაირად  კვდებოდა  და  ცოცხალი  დარჩა.

დასჩხავის  მათ  ცივ  მდუმარებას  ასი  წლის  ყვავი,
სხვა  პარალელურ  სამყაროში  დაიდეს  ბინა,
სადაც  სიყვარულს  არასოდეს  გაუდის  ყავლი;
აღარ  გვჭირდება  ერთმანეთი  და  გვიკვირს  კიდეც,
რომ  ერთ  სამყაროს  ვეკუთვნოდით  დიდი  ხნის  წინათ.

მე  აღარ  დამაქვს  ყვავილები  საკუთარ  მკვდრებთან,
რა  უნდა  იყოს  სევდიანი  ამაზე  უფრო - 
- მკვდარი  რომ  ხარ  და  ყვავილები  არავის  მოაქვს.
მე  აღარ  დამაქვს  ყვავილები  საკუთარ  მკვდრებთან,
მე  აღარ  დამაქვს  ყვავილები  საკუთარ  მკვდრებთან!

და  როგორც  თოვლი, ჩემს  მოსაწყენ  ყოფნაში  ატანს
სიშორე  მათი, ანდაც  როგორც  სიცივე  დილის,
როცა  წვიმაა  და  წვიმიდან  მოსული  კატა,
მთვარის  შუქივით  გადაირბენს  საფლავებს  შორის,
მშვიდია  მათი  საკრალურად  ხანგრძლივი  ძილი.

მე  აღარ  დამაქვს  ყვავილები  საკუთარ  მკვდრებთან,
და  საფლავები  მოლოდინით  მოსილნი  ჯერაც,
იფოთლებიან  დავიწყების  მსუსხავი  ხმებით...
ამ  გაზაფხულზე  ამოსულან  უთვალავ  ფერად,
მიწის  წიაღში  ყვავილებად  ქცეული  მკვდრები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი