გუშინ მეგობარი შემხვდა
გუშინ მეგობარი შემხვდა.ვერ მიცნო.მეგობარი შემხვდა და ვერ მიცნო.გაგიგიათ? მეგობარი.ეწეოდა.გალურჯებული ხელები თვალებს მოუგავდა.ბორდიურზე იჯდა და ეწეოდა,არყის სუნად ყარდა.დიდმა ქალაქებმა რომ იციან ისეთი გამხდარა.დიდმა ქალაქებმა რომ იციან, ისე შეუჭამიათ.აღარაფერი იყო- ღერი მყრალი სიგარეტი და წვეთი არაყი.მიყურებდა მოლურჯო თვალებით.ვერ მხედავდა.ვიწვოდი.მივედი.მივუჯექი.სიგარეტი ამოვიღე,მომეო.მივეცი.ხელზე შევეხე გამაჟრჟოლა.სუნთქვა გაუთბა და გაულღვა.შავად გამიცინა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და...სიგარეტი კიდევ მომეო.მივეცი,მეწყინა,მეტკინა.პატარა ქალაქში რომ ჩანდა ოდესღაც,ისეთი ქალი იყო.ბოლოს რომ ვნახე მოკლე მაისური ეცვა. -მომენატრე,ვთქვი მე და ვერ დავიჯერე. -ვითომ?ცინიზმი შეეპარა ხმაში -ვითომ! ჩამეხუტა.სულ ბოლო იყო. ბოლოს რომ ვნახე,საბედისწერო ქალს ჰგავდა.გამხდარა კიდეც ბედისწერა თავისა.ბოლოს რომ ვნახე თვალები ჰქონდა დასიებული,თითები გამხმარი,წელი წვრილი, ფეხები ოდნავ გაღუნული,კბილები სიგარეტისეული,თვალები ტკივილისეული,ხმა ტირილს მოპარული,მკერდი ქალური,სახე შეგუებული...ნამდვილს ჰგავდა.ბოლოს რომ ვნახე ვისხედით და ვსუნთქავდით.ვისხედით და ვბოლოვდებოდით.ვისხედით. ერთმანეთს ვყნოსავდით გზააბნეული ძაღლებივით.ვყნოსავდით,როგორც ლეკვები საკუთარ სახლებს,როგორც მგლები დასაფლეთ ნადავლს,როგორც ლომები საკუთარ შვილებს,როგორც ტურები ლეშის ნაფლეთებს.ვისხედით და ვსუნთქავდით.გარეთ უკვე აღარაფერი ხდებოდა.ვისხედით. ვეჯექი გვერდით ქალს.მსუნთქავდა და ვერ მცნობდა.ვისხედით და ცხოვრებას ვეწეოდით.ვეჯექი გვერდით და სიკვდილივით მენატრებოდა.“რა იქნებოდები“ ირეოდა თავში.მძიმე თავს უსუსურ მხარზე ჩამოვადებდი და ვისხედით სანამ არ გავბუჟდებოდით.გარეთ ყველაფერი ხდებოდა.ის კი ისე იყო შეჭმულ-ჩაკარგული, დიდმა ქალაქებმა რომ იციან.პატარავდებოდა და პატარავდებოდა ქალი.ჩემს სიმძიმესაც ვეღარ იტევდა.მიყურებდა,მიყურებდა და ვერ მცნობდა.მყნოსავდა როგორც ავაზა უცხო რამ სულიერს.მიყვარდა, როგორც შემოდგომის ფოთოლს ქარი, როგორც თოვლის ფიფქს ხის კენწეროები,როგორც გუბეებს „კაცის მურტალი ფეხები“ როგორც სამყაროს ადამიანები.ბოლოს რომ ვნახე,ისე ნამდვილი,ისე ხელშესახები,ისე შორეული.ბოლოს არ მიყვარდა...მგონი ვისხედით ბორდიურზე.შავად მიღიმოდა.აღარავინ უყვარდა.ან ვეღარავინ.ავდექი.ჩამოვიბერტყე პალტო.შევისწორე სახე.ხელი მომკიდა."არ მიშვებს"განაჩენად გაისმა გაფუჭებულ ტვინში.გული ამიჩქარდა.მუქად შემომხედა ამღვრეულმა „სიგარეტი დამიტოვე“ამოვიღე ჯიბიდან. მივეცი.მოვკვდი.წამოვედი და ყნოსვით მივაგენი სახლს.სახლში მცხოვრებ უცხოს დავყნოსე,როგორც მგელმა- უცხო რამ სულიერს.შემეზიზღა ლეშის სუნი.გამოვედი უცხოდან,სახლიდან,ქვეყნიდან,ქალაქიდან,ქუჩიდან,პალტოდან,სხეულიდან. მივედი.აღარ იყო.გამალებით ვყნოსავდი მიწას,როგორც ცხენი დოღის წინ.დიდი ნესტოებით ხარბად.ის აღარსად იყო. ბოლოს რომ ვნახე ლურჯი თვალები ჰქონდა.მერე რომ ვნახე ხელები.ბოლოს რომ ვნახე თავისი სუნი ჰქონდა,მერე რომ ვნახე არყის.ვიწექი და ხარბად ვყნოსავდი მიწას.ის აღარსად იყო. გუშინ მეგობარი შემხვდა ქუჩაში.ლურჯ, ძვალტყავა ხელებში ჩემი თავი მოიქცია.მიყურა თევზის თვალებით სუნთქვაც გაუთბა,თითქოს. მერე მითხრა „მომე სიგარეტი“... გუშინ ის შემხვდა.შემხვდა და ვეღარ მიცნო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი