გუშინ დამესიზმრე
გუშინ დამესიზმრე. ძველ თბილისში ვიყავით. ეს ადგილი ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან თავი სახლში მგონია. თბილისის ვიწრო ქუჩები და იტალიური ეზოები გავიარეთ. სადაც აივნებიდან ჩამოშვებული ყვავილები ჩანდა, ისინი, როგორც ძველი წერილები, ჰაერში ირხეოდნენ. მერე ხელში ხელი ჩამკიდე და ავუყევით ქვაფენილს, რომელიც თითქოს ჩვენს ნაბიჯებს იმახსოვრებდა. შენი ხმა ისე ახლოს მესმოდა, მშვიდი იყო, მაგრამ სევდიანი. მერე უცებ წვიმა დაიწყო. არა ძლიერი. ისეთი, სიზმრებში რომ მოდის, სადაც არავინ გარბის თავშესაფრისკენ. ჩვენც არ გავქცეულვართ. მხოლოდ გავჩერდით და წვეთებს მივეცით უფლება დაეფარა ხმაურით ჩვენს შორის ჩუმი სიტყვები. ისე მაკოცე თითქოს პირველად შეეხო შენი ტუჩები ჩემსას. პირველი კოცნის ჟრუანტელი არასდროს დამვიწყებია. მერე გამეღვიძა. ფანჯარასთან დილა იდგა, მაგრამ სიზმრის სითბო ისევ მხრებზე მედო როგორც შენი უხილავი ქურთუკი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი