ბედნიერების გასაღები


დუმილი  და  სიტყვები
ხანჯლისა  და  ტყვიის  ძალს  იძენენ,
თუ  თქმის  ჟამისას  
სიკეთესავით  არ  ითესება  სიტყვა,
ან  საცა  გაჩუმება  ეგების,
იქ  ვმეტყველდებით...
სიცივე  კი
ყოვლის  მშთანთქმელი  სიმსივნეა,
უძღები  ჯალათია  სულთა...
სიტყვებმაც,  დუმილმაც  და  სიცივემაც
შეიძლება,  უფრო  ადვილად  და  მოურჩენლად
დაჭრას  და  მოგკლას,
ვიდრე  თავად  სიცოცხლის  აღმგველმა  იარაღებმა,
თუკი  უადგილოდ  გამოყენდა...
და  გაცილებით  შემზარავია
გარდაცვლილ  სულთა  სასაფლაოს  მოხილვა,
ვიდრე  სხეულით  მკვდართა. –
მათთვის  სიცოცხლის  კვლავ  მიცემა
მკვდრეთით  აღდგომას  უთანაბრდება (!)...
ნატყვიარ  თუ  ნახანჯლარ  სულებს,
 წამლები  რომ  უქმი  ხდებიან,
მხოლოდღა  ტრფობის  ძალა  აღადგენს,  
როგორც  მაცხოვარს.
მოურჩენ  ტკივილებს  და  პირღია  იარებსაც
ტრფობისავე  მადლი  კურნავს,
წამლისა  კი  არა,
როგორც  ქრისტეს  ხელთუქმნელი  ხელები  წყლულებს,
რომ  ჭრილობები  დაიკემსოს
და  დაინამონ   ნაგვალვი  სულები...
ჩვენგან  ,, მოკლულებს “
და  სხვათაგან  ,, გარდაცვლილთაც „
სიყვარულით  თუ  აღვადგენთ  და  გარდავქმნით  კაცნიც
ჩვენი  კოსმიური  შემოქმედივით...
ტრფობას,
უფლის  მეორე  სახელს,
ამად  ნატრობენ  და  ელიან
მაცხოვარივით
და  მზესავით.
ამიტომაც
სიყვარულის  მოხვეჭაა  კაცთა  სამიზნე  და  
ამ  წუთისოფლის  ბედნიერების  გასაღებიც,
რადგან  ამ  გრძნობას  არ  სჩვევია
ადამიანთა  წყენა-დაჭრა-კვლა,
რის  გარეშეც  ხომ  სიხარული  იმეფებდა
ამ  სევდისფერ  წარმავლობაში?!
სიყვარულში  შთანთქმულ   თვალებს
ძალუძთ  მხოლოდ
ადამიანში  ღვთის  ხატის  აღქმა
და  ამის
ყველა  მის  სისუსტეზე  წინ  დაყენება;
მოყვარულ  გულს  თუ  შეუძლია
სხვათა  დახშული  გულების  მოხილვა
და  მათი  ტკივილისა  და  სიხარულის
ამოხსნაცა  და  თანაგანცდაც...
ტრფობით  ნატკბობი  სხეული  დგას
ვნებაზე  მაღლა...
და  სულიც,
ამ  საოცნებო  გრძნობით  დაჭრილი, 
წარმავალ  განცდებს  შემოიხევს
და  პირველქმნილივით  შიშველი,
ზეცამდე  მსუბუქდება
სხვათა  სულების  სიმძიმეთა  სატვირთავად...
ის  არ  ეძიებს  თავისას,
რადგან  ,, მე” -  ში
მთელი  კოსმოსი  მოეაზრება...
ტრფობის  კოცონის  დაშრეტით  სახეშეცვლილ
და  გაშავთეთრებულ  სამყაროში
სიყვარულის  მოხვეჭაა
კაცთა  სამიზნე  და
ამ  წუთისოფლის  ბედნიერების  გასაღები!


2017  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი