წაშლადნი და წაუშლელნი


გულს  ფარდას  ახდი,  გადაიშლება
ადამიანთა  ჩამონათვალი :
ერთ  მხარეს  თუკი  ზოგი  იშლება
და  ჩაისმება  წამში  ნაცვალი,

გულის  მეორე  მხარე  ეთმობა
ჩემთვის  ძვირფასთა  უცვლელ  სახელებს.
სხვისთვის  ეს   ფართი  აღარ  მეთმობა,
მათ  სულ  ვაფარებ  სულსა  და ხელებს...

შენც  ამ  მხარეს  ხარ,  როგორც  მარადი,
ხელუხლებელი ,  ხილვა- ქმნილება...
ვინ  მოგაცილა ,  ნეტავ,  კარამდი?
შენი  შემოსვლაც  ვინღა  ინება?...

უსუსურ  თესლად   შემომეხიზნე,
მერე  უეცრად  ფესვიც  გაიდგი...
შემომეპარე  გულში  ჯერ  სიზმრებრ,
მალე  ურყევი  ტახტი  დაიდგი...

ასე  შემოხველ  თვალიდან  გულში,
სიზმრიდან - ცხადში  და  ასე  შემდეგ...
სრულიად  უცხოს  სულ  რაღაც  გუშინ
მეორე  მხარის  ბინადრად  გენდე...

ჩემს  გულში  დარჩი,  როგორც  ოცნება ,
აუხდენელი ,  შორი ,  ყოფილი...
როგორც  ღრუბლიდან  ცა  არ  იცნობა,
ურვაც  ფარული  ზოგჯერ  ყოფილა...

შენზე  ოცნებას  ვეღარ  გავამხელ,
მგლოვიარობას  შენი  სიშორით...
შენს  ხატს  ვერ  ვხედავ ,  თვალს  თუ  ავახელ,
მაგრამ  სულ  გხედავ  უცვლელთა  შორის...

არყოფნის   წამებს  მე  აღარ  დავთვლი,
მაგრამ  ვეკრძალვი,  თავზე  ვევლები
ჩვენთვის  საერთო  ჟამებს  და  ჩავთვლი,
რომ  ამით  ვტკბები  და  არ   ვევნები...

ასე  შემორჩი  ჩემს  გულს  ოცნებად,
აუხდენელად ,  შორად ,  ყოფილად...
როგორც  თვალიდან  სული  იცნობა,
გრძნობებიც  ზოგჯერ  ღია  ყოფილა...

ვინ  აღარ  გვხვდება  ასე  თუ  ისე
ჩვენი  ცხოვრების  საფეხურებზე...
მათი  სიცოცხლე  სიცოცხლეს  გვივსებს,
ჩვენც  ვიწერებით  სხვათა  სულებზე...

მიდიხართ?.. წადით!.. ოღონდ  დატოვეთ
თქვენი  ღიმილი,  ციმციმი  თვალის,
რომ  დავიჯერო ,  ეს  სიმარტოვე
ხელს  არ  შეუშლის  თქვენეულ  ხალისს...

დიდება  მაგათ,  ვინც  არ  იშლება!
მათაც  დიდება,  ვისაც  ზოგჯერ  ვშლით!
ვინც  ამ  არცერთში  აღარ  ითვლება
და ვისაც  რამედ  მერმისში  ჩავთვლით!

				2008  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი