წამების ლხინი


რაა  სულჩაღვრა  მოკვდავ  სხეულში?—
ტანჯვა  და  ჯვარი,  კიდევ  გოლგოთა,
გზა,  მიმავალი  უსრულ  წლეულში,
სულთა  გამოცდა  განცდით  როგორთა...
თუკი  გაუგე  ამ  მოვლინებას,
მუხლს  აღარ   ჩადრეკ, ალბათ, შუა  გზად,
არ  გაუგზავნი  განმცდელს  გინებას
და  არც  სიცოცხლეს  ჩათვლი  უარგად,
რადგან  იელვებს  იქვე  ამებად
სულთა  სალბუნად  ცადქმნილი  ჩინი...
წამება  რჩება,
რჩება  წამებად...
და  უწამესად  სრულდება  ლხინიც (!)...
თუკი  სიცოცხლეს  რამე  წავართვი,
წუთისოფელში   მელნის   განღვრაა...
განცდათ   ამოთქმას   შობა   დავარქვი,
როცა  თვით  განცდა   ჯვარზე   გაკვრაა...
რამე   წარსტაცო,  როცა   წყვეტაა,
ცხოვრებას  მარად   აქ   მოლივლივე...—
გულდაწყვეტაა,
გულდაწყვეტაა, 
გულდაწყვეტაა  სხვა   ყოველივე (!)...
მაგრამ  ეს  წყდომა  მხურვალე  გულთა,
სულში  მგრაგნელი  განცდების  ტილოთ,
გადმოდინდება  ლექსებად  მწუხრთა,
მელნად   გაჰყვება  ზეცისფერ   ნილოსს...
ათას  ტანჯვაში  რჩება  ამებად
ლექსების  მზერა  და  სულის  ჩინი...
წამება  რჩება,  რჩება  წამებად,
რომ  უწამესად  სრულდება  ლხინიც (!)...
წამებაშია,
 წამებაშია,
 წამებაშია   მარადი   ლხინი!

				2002  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი