ქალის მოუხილველი კუნჭული


I
მოევლინება  ქალად
და  თითქოს  შობიდანვე  გაიწერება
მისი   განრიგი  და  სათაური:
უსასრულო  მსხვერპლშეწირვა !
ოთხივ  მხრიდან  შეთქმულივით
თითქოს  ყველა  ერთსა  და  იმავეს
ავალებს  და  ელის  მისგან :
ქალი  ხარ  და
ხამს  მეტი  ენის  ალაგმვა,
ხამს  მეტი  თავშეკავება,
მეტის  ატანა,
მეტი  დათმენა,  
მეტი  დათმობა...
ქალი  ხარ  და 
ხამს...
გევალება...
გმართებს...
ალაგებს - არევენ, ალაგებს - ურევენ, ალაგებს...
არც  გაფრთხილება,  არც  მოწონება,  არც  მადლობა...
ქალია  და  ხამსო...
არ  იძებნება  ბოლო  აღარსად...
საათები  ეკარგება
სტომაქში  წუთში  ჩასაშვები  საზრდოს  საკეთებლად...
დასასრული  არსად  არ  აქვს
დაუბრუნებელი  დროის  ხარჯვას,
რომელსაც  ვერვინ  ამჩნევს,
არვინ  არ  ითვლის,
არვის  აღელვებს,
გარდა  მისი  დამკარგველისა...

მერე  იტყვიან  მავანნი  შეუნდობს :
ქალის  გონება  სამზარეულოს  თუ  გასწვდებაო...
და  მისი  გზა  კაცის  გულამდე
კუჭზე  გაჰყავთ...

გაუცნობიერებლად  თუ  განსჯილად
ყველა  მისგან  მოელის  მოვლას,
დანაყრებას,
ვნების  დაცხრომას
ქალისავე  მოლოდინის
თითქმის  ყოველთვის  გაუთვალისწინებლად,
მისი  სურვილების,  
ოცნებების,
შესაძლებლობების  გვერდის  აქცევით...

მერე  იტყვიან  მასზე  შეუნდობს,
მხოლოდღა  კაცის   საამებლად  იშვაო  ქალი...

II

შვილის  მუცლად  შეგრძნების  შემდეგ
სულ  უდროობის  მეფობის  ხანა  იწყება
ქალი-ტარიგის  ცხოვრებაში :
საკვებს  იცვლის,
ფორმას  იცვლის,
სამოსს   და  სტილს  იცვლის,
არსებობის  რიტმს  იცვლის  სრულად...
და  მე  გადაუკანაპლანებული,
იწყებს  ნამდვილ  სხვისთვის  ცხოვრებას :
ვერ  მიირთმევს  იმას,  რაც  ასე  უყვარს,
ვერ  იცმევს  ისე, როგორც  უნდა,
ვერ  მიდის  იქ,  სადაც  გულს  მიუხარია,
ვერ  იძინებს  იმდენს  და  ისე,  როგორც  ადრე,
ვერ  იძინებს  მაშინაც  კი,
როცა  ბოლომდეძალადაშრეტილი,
მორიგი  დღის ჯანის   მოსაკრეფად 
წესით  უნდა  უკვე  ისვენებდეს...
ალიონიდან  დაისამდე  მოწრიალეს,
ღამეც  უთვალავჯერ  აღვიძებენ  ან  ეღვიძება
მეუღლისა  თუ  შვილთა  საამებლად
მათი  უშფოთველი  ძილისა  
და  გადახდილი  საბნის  დარაჯს.
ფიქრებით,  სიტყვით,  ლოცვით,
ხელებით  უვლის  შვილებს  დედა
მუცლადყოფნიდან  ვიდრე  საკუთარ  აღსასრულამდე,
ღმერთთან,  განსაცდელთან,  სიკვდილთან
შვილთა  მარადიული  შუამავალი...

მაინც   იტყვიან   მერე  შეუნდობს :
მოუვლელიაო,
უღიმილოაო,
რა  სულ  დაღლილიაო,
რა  სულ  წუწუნებსო,
რა  სულ  მიეჩქარებაო...

III.

ბევრი  რამის  დანახვა,
აღქმა,
წაკითხვა,
მოსმენა  სურდა...
ბევრი  ხელიდან  გაუშვები
იდეა  მოუვლის...
უთვალავჯერ  ესტუმრება 
მისი  უკვდავების  გარანტი  მუზა...
მაგრამ...
რამის  ჩანიშვნის  წუთი  და  სიტუაცია
ვერ  იძებნება  მის  მრავალფეხა  უდროობაში...
მის  მშიერ  თვალს  და  მწყურვალ  სმენას
რამდენი  რამ  დააკლდა  უნებურად...
რამდენი  რამე  დათმო...
რამდენი  რამ  გამოიტირა  სისხლის  ცრემლებით,
რადგან  სასწორის  ორსავ  პინაზე
ყოველთვის  ძვირფასი  რამე  იდო,
რომელიც  მისგან  ყოველწამიერ  მსხვერპლს  ითხოვდა...

მაინც  გაკვირვებით  იტყვიან  შეუნდობს :
ეს  როგორ  არ  უხილავს ?!
ეს  როგორ არ  გაუგია ?!
ეს  როგორ  არ  უნდა  იცოდეს  ქალმა ?!
რა  უნიჭოა,
როგორი  მიუხვედრელია,
რა  მიამიტია,
რა  მარტივი...

მარტოდენ  იმ  ქალებს  ძალუძთ
გამოსტაცონ  უდროობის  სასტიკ  კოცონს
თავიანთი  უნარები :
სიმღერები, ნახატები, ლექსები...ხარისხები... ,
რომელთაც  გვერდს  ის  უმშვენებს,
ვინაც  ამჩნევს, 
 აფასებს,
  რეაგირებს
მათ  შორსმიმავალ  შესაძლებლობებზე
და  გზადაგზა  ეხიდება  თავის  რჩეულს ;
ან  კიდევ  ის,
ვინც  ბრმა-ყრუთა  შორის  კია,
ან  სულაც  მარტოა  თავის  ნიჭსა  და  ფიქრში,
მაგრამ  ქვის  უტეხობა
და  ფოლადის  ძლიერება  თან  გამოჰყვა  დასაბამიდან...
საკუთარ  მეზე  აღმატებული  ოჯახისა
და  ყოველდღიური  რუტინისთვის
დასხლეტილი,
გამოძალული,
მოპარული  დროისა
და  ღამეების  თეთრად  თევის  ფასად
სიმწრით  შობენ  ქალები
შვილების  გარდა  სხვა  ქმნილებებს -
პირმშოებივით  სულისმიერ
მელოდიებს,  ნახატებს,  ლექსებს...
სახელს...-
და  მათ  ყოველთვის 
ცრემლის,  სისხლის  და  გულის  გემო  აქვს...

მაინც  უბნობენ  ცრემლამდე  შეუნდობს :
სულ  ეს  არისო  მისი  ნამოღვაწარი ?!
სუსტი  სქესიო,
მტირალა  და  გულჩვილიო,
გრძელ  ფეხ - თმება  და  გონება  ,,იწროო “...

მხოლოდ  უფალმა
და  ქალებმა  უწყიან  ქვეყნად,
რამდენი  დაუნახავი  უნარი  დამარხულა
სულით  ბრმათა  და  ყრუთა  წიაღში,
რამდენი  ცოცხალი  ნიჭი  გაჭყლეტილა
უდროობის  საკეპ  მანქანაში,
რამდენი  უხმარი  შესაძლებლობა  დაშრეტილა...
რამდენი  დაუწერელი  ლექსი,
დაუხატავი  ტილო,
შეუთხზველი  მელოდია  აღგვილა
ქალთა  გონებისა  და  გულის  ბაგიდან...
ხელფეხშეკრულს,  
რამდენჯერ  ამაოდ  უცდია
შექმნა,
აფრენა,
თავისი   კვალის  დატოვება...
შესაძლებლობების  შესაბამისად
ვერ  განვითარდნენ,
ვერ  აენთნენ ,
ვერ  გაბრწყინდნენ,
ვერ  გაფრინდნენ...

ასე  დარჩა  ძლიერ  სქესთა  მზერის  მიღმა
ქალის  მოუხილველი  კუნჭული...

და  თითქოს   რეალიზებულნი
(უმეტესწილად
ქალის  შეუმჩნეველი  მსხვერპლშეწირვის  ხარჯზე. ), 
მაგრამ  ამ  ყველაფრის  აღსაქმელად
უუნარონი
ისევ  ამბობენ  ჩვეულ  შეუნდობს...

2017  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი