ჭეშმარიტი და ფსევდო სიკეთე


გაცემა
მოწყალებისფერია,
დათმობისფერი,
მსხვერპლისფერი...
ხშირად   სიკეთის   ქურქი   მოსავს ... –
და  ერთმანეთში  ერევათ   მხილველთ,
ერთი  შეხედვით,  ერთსახოვანნი,
მაგრამ  აღსრულების   განწყობით,  მიზნით
წარმოუდგენლად   სხვადასხვანი.

გასცემენ,
მაგრამ   ჭოგრიტით   ჭვრეტენ,
ვისზე   გასცემენ ;
გასცემენ,  
მაგრამ   უკანვე  სულსწრაფად  
ელოდებიან   გაღებულის   საფასე
ქულებსა   და   მისაგებლებს ;
გასცემენ,  მაგრამ   ენანებათ ;
გასცემენ,  მაგრამ   ძუნწად   თესენ ;
გასცემენ   მოჭარბებულისგან : 
გასცემენ   მხოლოდ   იმას,
რაც   გადარჩებათ,
რაც   ზედმეტია,
რაც   არც   უნდათ...
უმსხვერპლოდ    გასცემენ...

გადაუხდელი   თუ   დარჩათ   მავანთ
ვალი   მოყვასის,
უმადურობად    უთვლიან    შემწირველნი
და  უმალვე   აწუწუნდებიან
სიკეთის   ქმნის   უაზრობაზე.
მოლოდინი  უცრუვდებათ  ანგარებიანთ
და  წყვეტენ   გაცემას,
სიკეთის   ქურქისგან   ნებით   განმოსილს.
გაცემის   მიზანს   კი  არ  ცვლიან, 
ან  განწყობას,
წყვეტენ   გაცემას   გულდაწყვეტილნი...
არადა  ბუმერანგად   მობრუნებულს  
იმკიან   მხოლოდ
არასწორად   და  ძუნწად   მთესველნი,
გამცემნი,  მაგრამ   უმადლონი,
სამართლიანად    უსაზღაუროდ    დარჩენილნი...

სიკეთე   ისე   გაცემაა,
როცა   არ  უმზერ,
თუ   ვინ  დგას   გაწვდილი   ხელების   უკან,
როგორ  და  რა  დგას  ვედრების  მიღმა ;
სიკეთე
უმეტესწილად   იქ   გაცემაა,
სადაც  არც  ძალუძთ
სიკეთითვე   დაბრუნება   მიღებულისა ;
სიკეთე  ისე   გაცემაა,
როცა  არასდროს  ელოდებიან
უკანვე   სამაგიეროს   მიგებას,  მიზღვას ;
სიკეთე  ისეთის   გაცემაა,
რაც  შენც  გჭირდება,
რაც  შენთვისაც   ძვირფასია,
სისხლის   დაქხევას   უთანაბრდება,  
გული  თან   ჰყვება...
სიკეთე
ფულის,  ნივთის,  მატერიის,
მაგრამ  ასევე
დროის,  ცოდნის,  ნიჭის,
ღიმილის   და   სიყვარულის   გაცემაა
უანგაროდ   და  უანგარიშოდ...
მადლისმქმნელს   ხშირად   ქვაც  არ  ხვდება
მობრუნებისას,
მაგრამ  არ  ბრკოლდება 
მოყვასადქმნილი   და   არა   მევახშედ,
და  უსასრულოდ   ეძიებს   სხვა   ქვებს
ისევ  და  ისევ   მადლისსადებლად ...
ეს   მსხვერპლისფერი    სიკეთის   თესვა,
უჩინრად   რომ   იწონება 
 მადლის    პინაზე,
არც   არასდროს  არ  ისჯება  უმადურობით,
რადგან  ასე  გამცემს
სხვა  მოლოდინი  არაფრის  ჰქონდა,
გარდა   მიმღების   გაღიმების,
გამხნევებით   წამოყენების
და  თანაგრძნობით   დანაყრებისა...

ქრისტეს   უხილავი   ხელები  კი
სადღაც   ზეცაში   ღვთიურად   ქმნადობს
და  იქ   და  იმგვარად
ამკევინებს   საზღაურს   კეთილთ, 
რომ   მადლის   სასწორზე
მსხვერპლს   ჯილდონი
ყოველთვის   წარმოუდგენლად   აღემატება.


2017  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი