სულის სიორე
როცა თვრებიან, იარები იხსნება ძველი, შორი დარდები ზე ამოვლენ ხსოვნის ღრმა ტბიდან... მოიშვებიან მუხრუჭები, ფხიზელთა მცველნი -- ფერისცვალებაც აქ იწყება ტერფამდი თმიდან. გრძნობებს აშლიან, სიფხიზლეში ფხიზლად მოთოკილს, ცრემლს დაიდენენ, უღვინოოდ სანდოდ დამალულს... ცხადად განღვრიან ტყუპ მეორეს, თავის არსში ქმნილს, ნიღაბთა მიღმა ღვინის სმამდი უღვთოდ დაკრძალულს... და დგება ჟამი ყველა ნიღბის დამსხვრევის ერთხმად... ჟამში სიმთვრალის ნაღდი იჭერს ადგილს ყალბისას : გადმოიღვრება გულის ფსკერი სიმშვიდით, ერთ თქმად, ანდა ურჩ ბრაზით, მსგავსად ცხენის ზემდგარ ყალყისას. როცა თვრებიან, ცამდი შორ არს მათგან ტყუილი, თუმც არც კანონის მორჩილები ამ წამს რჩებიან... დაუთვლელია დაუთვლელთა დიდ სიცრუილი, როცა ფხიზლობენ და არასდროს, როცა თვრებიან!... ძილს მოინდომებს ღვინით მთვრალი, თუ უდარდოა, ნაღვლით სავსე კი ღვინის მსგავსად დიდხანს იბორგებს... ხომ მიმალულთა, ღვიძლ განცდათა სიმარჯვის დროა და უღვინობის ჟამს თავმოყრილ ღვარზლზე იცოფებს... გამოფხიზლული, უწინ ღვინთან თავს რომ იხრიდა, მცველ მიღაბ-მომჭერს კვლავ მოუხმობს, ვინ იცის, როდის -- ბოდიშს მოიხდის, რაზეც მთვრალი არ მოიხდიდა, რადგან სიმართლე სიყალბესთან არ იხდის ბოდიშს! 2001 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი