სულის შემოდგომა


ჩემს  ბინაშიც  შემოდროვდა  შემოდგომა,
შემოზომა  სულის  ნედლი  ნათესები...
სიცოცხლისგან   დამიცალა ყველა  გრძნობა
დაისისას  ჩაკრეფილი  ნათელივით...

ჩემს  მირაჟშიც  შემოჟრჟოლდა  შემოდგომა,
რომ  გამძარცვოს  ცისარტყელა  გრძნობებისგან...
-შემო,  დროა, მოხუც  ვნებებს  ამაძრობდე
და  შეშლილ  ქარს  მიართმევდე  ჟინის  ცხრომად!..

მაცლის, მაცლის  ტოტებიდან  დაძრულ  ფოთლებს,
ნარონინებს  გაზაფხულის  შორეთიდან.
შემომწყრომდა  და  განმმოსავს  სამოსლისგან
ჩემში  შლეგად  შემოჭრილი  შემოდგომა...

ფოთოლცვენის, გრძნობათცვენის  მიმწუხრისას
ვერმომშორდა  იმედი  და  ტრფიალება -
აკელაპტრდნენ  უკვდავივით  ცის  კიდემდე,
რწმენის  ტოტზე  შემხორცვიან  პირმშოებად.

შიშველ  ხეთა   საუფლოში  მარადმწვანედ
აღვმართულვარ   რწმენითა  და  იმედებით.
იქნებ  ამად  არ  მივტირი  გაზაფხულებს
და  ზამთრის  სუსხს  ამ  გრძნობებით  მივეგებვი...

ქარი  მირხევს  სიყვარულის  უხრწნელ  ფოთლებს, 
რწმენის  ტოტებს  სასოება  ისევ  მოსავთ...
ჩემს  ბინაში  სულ  ამაოდ  შემოდროვდა
სულის  ქურდად  შემოჭრილი  შემოდგომა.

					2018  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი