სიშორის ჯვარცმა


ჩვენი  ერთობა  ხომ  ჰგავდა  ცასცმას?!.
უცებ  ჩვენს  შორის  ჩადგა   კლდეები...
უნდა  იუფლო  სიშორე  კაცმაც,
მაცდურ  ტიტანებს  თუ  ვერ  შეები...
სულში  მანძილი   მეც  ჩამიცურდა
ვერშებრძოლებით,  დანებებითა...
სადღაც  სიღრმიდან  ტანჯვა  მოცურდა,
ამ  სიცალეში  ერთად  ვკვდებითა...
ჩვენს  შორის  სისხლის  ჩამდგარა  გუბე,
ჩვენს  შორის  ნაღვლად  დაღვრილი  ზღვაა...
დაგვიწყლიანდა  ცრემლებით  უპე,
სულებში  ერთად  არყოფნის  წვაა...
მელანი  ვეღარ  ინთხევა  თხემზე,
გმირები  დამრჩა  ისევ  უშობი...
ვერ  ავიყვანე  შვილები  გემზე,
დარჩნენ   რამდენ  ხანს  ასე  უცნობნი...
აქვს  ყველა  ცოდვას  შენდობა  ღვთისგან,
ხომ  ყველა  ცოდვილს  ეპატიება...
ოღონდაც  მე  არ,  ჩემივე  ძისგან,
ვერ  გავაცოცხლე  ვინაც  იებად...
დაღლილი  ვუმზერ  დალეულ  ლანდებს,
სულს  და  სიცოცხლეს  ერთად  რომ  მთხოვენ...
თითქოს  მზეს  წვიმა  იარებს  ბანდეს,
ჩემი  ცრემლები   გმირებს  ათოვენ...
მხოლოდღა  ცრემლი!.. სული?  სიცოცხლე?..
თითქოს  ძუნწ  სხეულს  ჩაუკირია...
ღმერთო!  ის  სული  კვლავ  გამიცოცხლე,
რის  მოლოდინშიც  გმირნი  ტირიან...
გონო,  ურჩ  სხეულს  დავადოთ  ხუნდი!
განა  დათმობა,  სულო,  შეგშვენის?!
სულჩაუდგმელი  გმირების  გუნდი
უფალს  შესთხოვენ  დათმობას  წყენის...
მუზასთან  მივალ  ჯერ  მუხლებმოხრით,
ასგზის  ვერქმნისთვის  მოვუხდი  ბოდიშს...
ხომ  მზიანობა  გამართავს  მოხრილს,
მზედ  აენთება  შენდობა  ცოდვილს...
ახლა  გმირებთან  ჩავდრიკავ  მუხლებს...
იფეთქებს  სისხლად  რა  ხნის  სიშორე...
თუკი  შენდობა  შევატყვე  მწუხრებს,
ყველა  დარდს  სულმთლად   აქ  მოვიშორებ...
მაგრამ  უფალთან  რა  მუხლი  მივა?!
რა  თვალი  შეძლებს  მის  თვალს  ჩახედოს?!
ღვთისგან  სიშორე  საოცრად  მცივა,
ლამის  ეს  სული  ხორცში  ჩახერგოს...
მწვერვალზე  იშვა  გმირი,  ვით  ია,
გადაეღვენთა  ჩეს  ძეს  ის  სული,
რომელსაც  ცოდვა  ძლივს  ეპატია,
რადგან  ღვთის  ტერფთან  იყო  მისული...

			2003  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი