კიდევ შემეხე, კიდევ, უფალო!


ის,  განაჩენის  პირველი  ტყვია,
მარადის  შანთად  სულზე  მატყვია...

და  ისევ  ტყვია,  ტყვია  დამჭრელი...
და  ფერიც  მელნის  და  სისხლის,  ჭრელი...

ისევ  მალამოდ   იის   დადება,
სისხლისფრის  ლურჯზე   კვლავ   გადადება...

და  ნაწევრდება  ფურცლებზეც  მისხლივ
მელანი,  სული,  მუზა  და  სისხლი... 

შეხება  ყველა  დამაჩნდა  სულზე...
დაშანთულ   ღარებს   უსასოდ   ვუმზერ...

ნუთუ   არარა   ქრება   უკვალოდ?!
ნატყვიარი   მაქვს   სული,  უფალო!...

ბზარზე   დამედო   ქრისტეს   ხელები,
ყველა   ჭრილობის   ამომკერები...

თითო   გადასმას   მიჰქონდა   თითო,
აღარ   მტკიოდა   აღარსად   ვითომ...

მაინც   ცეკვავდნენ   ფურცლებზე   მისხლივ
მელანი,  სული,  მუზა  და  სისხლი...

შეხება   ძველი   ნელდება   სულზე,
ღარების   ქრობას   ამაყად   ვუმზერ...

იარებიდან   ქრება   სხვა   ტყვია,
მხოლოდ   პირველის   დაღი  მატყვია...

თურმე   არარა   ქრება   უკვალოდ (!)...
კიდევ   შემეხე,  კიდევ,  უფალო!...

		2003  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი