ხუნდს შემოვიმსხვრევ ნაპატიები


მზე  დაიბინდა,  მზე  აღარ  არის,
თავზე  გვირგვინი  ღამემ  დაიდგა...
სიკვდილისფერი  დაიხშო  კარი,
საკანში  ცრემლი  მელნად  დაინთქა...

შიგნით  ღამეა,  ღამეა  გარეთ...
და  შეისუდრა  მწუხრით  ტაძარი...
ღმერთო,  მე  ვიგლოვ,  ჰო,  ვიგლოვ  მწარედ,
ამ  სიმრუმეში  მალვით  რაც  არის....

ხუნდია  შიგნით,  ხუნდია  გარეთ,
სხეულიც  სულის  ქცეულა  ხუნდად...
მუზავ,  ბორკილი  გავწყვიტოთ  მალე!
აღვგავოთ  ღამე  მტვერივით  გუნდად!

არა,  კი  მინდა  განმარტოება,
მაგრამ  უხუნდოდ  მზეზე  დადგომა...
სულს  ბორკილები  ლოდად  მოება,
შემომაჩვია  უღმერთოდ კვდომა...

არ  მინდა  ღამე !.. გააღეთ  კარი !
სულ  ახლოს  ნათობს  მზე  ხომ  მის  მიღმა ?!
ბჭეს  მოერიოს  მელანთა  ჯარი !
კლიტე  შემუსროს  მუზების  მეხმა !

სულს  სულ  მიმძიმებს  ღამე  და  ხუნდი,
გუბეს  უმიზნებს,  შავტალახიანს...
არადა  მუზას  გაფრენა  უნდა!
ეს  ღამე  ნუთუ  ჩემზე  ახია ?!

ფარფატი  ქარში  სულს  სულ  უნდება,
ვით  ქროლვა  ფოთოლს  ხმელ  შემოდგომის.
წვიმა  ედებათ  ფოთლებს  ხუნდებად
და  ჩემს  სულს -- ტანჯვა  მზის  შემოკვდომის...

თქვენი  თვალები  სულს  მთხოვენ,  ვიცი!...
და  მე  ეს  სული  მომცეს  ზეციდან (!),
რომ  დამერღვია  ბორკილი,  ცივი,
და  ეს  სიმძიმე  წმინდად  მეზიდა...

და  ჩემი  სული  დაჰქონდათ  იებს,
მელნის  ტბა  იყო  ჩემი  საკანი...
ძეო,  სხვა  ციხე,  გთხოვ,  მაპატიე,
სულის  ვერჩადგმა  შენივ  საგანში...

ღამეს  სიცოცხლე  გაამოელევა,
თუ  მზეს  დაანთებს  ზეცის  იები...
თქვენში  სულჩადგმით  სიკვდილით  ძლევის
ხუნდს  შემოვიმსხვრევ  ნაპატიები !

				2003  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი