უნაწარმოებო შემოქმედის სულის პორტრეტი


დრო  დილია,  როგორც  წამლით  მწარე  იარა,
ჩასჭიდეს  ხელი  შეთქმულივით  წამებმაც  წამებს...
დამიმარტოვეთ! - მითხოვია,  მეტი  კი  არა, -
ჩემს  დევნილ სულთან  შემამთხვიეთ  როგორმე  ღამეს !...
ამ  ვედრებაში  გავერანდა  ჩემი  არსება...
ოცნების  საამოსს  დაეწყვიტა,  დახეთ,  ღილები...
ლამის  კლანჭებით  დასერილი  სული  მიცვდება...
და  ქირქილებენ,  ქირქილებენ  დახერგილები
ჩემიდან  ჩემსავ  მიზნებამდე  გასავლელ  გზებზე...

დამიმარტოვეთ,  აღარ  მინდა  ეს  ყრუ  ქაოსი!
სიმუხთლის  ნაბდით  შემოსილნო,  ნუ  მეურჩებით!
მაინც  არ  მაცლით,  ვშობო  გმირი,  მოცდით  ნაოსი?
გაგაცამტვერებთ  მელნის  ცეცხლით,  მუზის  ბურჯებით!
იგრიხებიან  ავის  მზრახვნი  ქვეწარმავლებად,
მზაკვარ  შხამს  ღვრიან,  რომ  დასცალონ  ჩემში  ძალები...
ჩემი  გმირების  მამხნევებენ  მზერის  მრავლება...
და  ქრისტესავით   გოლგოთამდი  ჯვარს  ვეძალები...
ჩემივ  გმირების  უშობლობა  ცოდვად  მაქვს  მხრებზე (!)...

უძეო  ქალის  ნაღვლის  ცრემლით  რად  ვისუდრები?—
ჯერვერშობილნი  სიცოცხლისთვის  თვალებს  მიღვრიან...
სულის  ღარებში  იმარხება  ძვირფასი  მკვდრები...
ანგელოზები  ცი სკიდულში  ცოდვებს  მითვლიან...

და  რა  ხანს  ვიდექ  არ  ჩემს  გზაზე  აზრით  ორსული,
გონდახუნზლული  ზეცითა  და  მძაფრი  ქარებით...
გზები  ვიპოვე!..ძე  ვიგრძენი,  შობად  მოსული!
განა  დაიცდის,  დაკავდება  რკინის  კარებით?!

დრო  დაითხია,  როგორც  შხამით  სავსე  ფიალა,
ჩასჭიდეს  ხელი  გასაქცევად  წამებმაც  წამებს...
ღმერთო!  დაცემა  უძეებოდ  გზებზე  კი  არა,
გმირების  დედა  უნდა  გავხდე  ამ  ბოლო  ღამეს!


2003  წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი